ახალი ამბები

საჯარო მმართველობის რეფორმისთვის EU საქართველოს 75 მლნ ლარით დაეხმარება

28 ოქტომბერი, 2016 • 1560
საჯარო მმართველობის რეფორმისთვის EU საქართველოს 75 მლნ ლარით დაეხმარება

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო მმართველობის მოდერნიზების პროგრამის დაწყების შესახებ დღეს, 28 ოქტომბერს,  გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 75 მილიონი ლარის (30 მლნ ევრო) მოცულობის საჯარო მმართველობის რეფორმირების პროგრამა იწყება

“საქართველოს,,სახელმწიფო ინსტიტუტებში კარგი მმართველობის განხორციელება დემოკარტიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებაში. საქართველოს რეფორმების ეროვნული სტრატეგია სახელმწიფო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებზეა დამყარებული. ევროკავშირისთვის ძალზე საამაყოა, რომ ის საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და, ამავდროულად, შეუძლია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში,“-  განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოში ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 75 მილიონ ლარს შეადგენს, 2016–2019 წლებში განხორციელდება. წარმომადგენლობის ცნობით, პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასა და საქართველოს საჯარო მმართველობითი რეფორმის ეროვნულ გაგმასთან.

პროგრამა ხუთ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:

[checklist]

  • პოლიტიკის შემუშავება: ხარისხიანი მმართველობითი პოლიტიკისა და დაგეგმვის –ბიუჯეტის ჩათვლით – უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმის გაზრდა: საჯარო მოხელეთა მართვა გამჭვირვალედ და უპირატესობების გათვალისწინებით;
  • საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა: კორუფციის თავიდან აცილებაზე მიმართული ძალისხმევის გაგრძელება და ღია პოლიტიკა მოქალაქესთან და ბიზნესთან მიმართებაში;
  • მოქალაქის წვდომა სახელმწიფო სერვისებზე:  უკვე განხორციელებული ცვლილებების გაგრძელება;
  • ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურის განმტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მხარდასაჭერად;

[/checklist]

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 50 მლნ ლარის გადარიცხვა იგეგმება, ხოლო 25 მილიონი ლარი მთავრობისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას მოხმარდება:

პროგრამის საშუალებით პირდაპირ ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ შემდეგ სამინისტროებს: სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების.

“გაძლიერდება საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც გაუძღვება სახელმწიფო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და მოახდენს სახელწიფო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. ასევე, მოხდება მთავრობის საქმიანობის უფრო ინტენსური მონიტორინგი”,- ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოსალოდნელი შედეგების კონკრეტული ნუსხა შემდეგია:

[checklist]

  • გაძლიერდება საპილოტე სამინისტროებში პოლიტიკის დაგეგმვაზე მომუშავე სტრუქტურები (სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები) გაძლიერდება, გაიზრდება შერჩეული სექტორების (სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო საწარმოების, ზოგადი განათლების და მეცნიერების, C ჰეპატიტის და ანტიკორუფციული) მონიტორინგის და შეფასების ხარისხი, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისას გაუმჯობესდება დაგეგმვის შესაბამისობა ბიუჯეტის შედგენასთან.
  • 5 საპილოტე სამინისტროში დაინერგება შედეგზე ორიენტირებული მართვის პრინციპი (ფუნქციების გადახედვისშემდგომი რესტრუქტურიზება)
  •  მიღებული იქნება სამართლებრივი ჩარჩო საჯარო მოხელეთათვის– კანონი ხელფასების შესახებ და კანონი სიპ–ების შესახებ. ასევე, სახელმწიფო მოხელეთა კლასიფიკაციის, სამსახურში აყვანის, შეფასების, ტრენინგის და ა.შ 12 რეგულაცია. მოხდება რეფორმების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეიქმნება საჯარო მოხელეთა ტრენინგის სისტემა, დაინარგება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები.
  • გაუმჯობესდება ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში: მოხდება საჯარო მოხელეთა დეკლარაციების უფრო ეფექტური მონიტორინგი.
  • გაიზრდება ადმინისტრაციის გამჭვირვალობა: მოხდება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება, გაუმჯობესდება ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირების მექანიზმი. გაუმჯობესდება რეგიონებში მოქალაქეთა წვდომა საჯარო მომსახურებაზე, გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრებისა და იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განხორციელებისას ელექტრონული მმართველობის საშუალებებით ისარგებლებენ.
  • ადგილობრივი მმართველობის რეფორმირებისთვის შემუშავდება გაუმჯობესებული სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან
  • გაიზრდება ადგილობრივ ხელისუფლებაში საჯარო მოხელეების შესაძლებლობები, რომ მათ შეძლონ ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება და მართვა და საჯარო ფინანსების მართვა.
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო უკეთ გაუწევენ მონიტორინგს მთავრობის საქმიანობას.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი