ახალი ამბები

ზეწოლა-მუქარის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სხვა ფაქტები არჩევნების II ტურამდე

28 ოქტომბერი, 2016 • 1865
ზეწოლა-მუქარის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სხვა ფაქტები არჩევნების II ტურამდე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების – 2, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის – 8, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების – 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის – 2 შემთხვევას. ISFED-ის ცნობითვე, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მუქარაზეწოლის ფაქტები

როგორც “სამართლიანი არჩევნები” 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, 9-იდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლა/მუქარის და დაშინების შემთხვევები დაფიქსირდა, რაც, მათი შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიას ძალადობრივ ხასიათს სძენს. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ჭიათურაში, გურჯაანში, თელავში, ქობულეთში, ადიგენში, ქუთაისსა და ფოთში.

  • ჭიათურა:

ISFED-ის ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თეიმურაზ გაფრინდაშვილმა არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სულხან მახათაძის მიერ მასზე და მის მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლის შესახებ.

„სამართლიანი არჩევნები” ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელი დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი შტაბის უფროსთან – გელა კაპანაძესთან და ახალგაზრდული ფრთის ლიდერთან – თამარ ჟღენტთან. ISFED-ის ცნობით, ისინი ადასტურებდნენ “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სისწორეს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებდნენ იმ მიზეზით, რომ „ჭიათურა პატარა ქალაქია, ყველა  ყველას იცნობს და კამერის წინ არავის სურს საუბარი.“ მათი თქმით, მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ სამთავრობო კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს.

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 24 ოქტომბერს ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელი შეხვდა ბატონ გაფრინდაშვილს. მისი თქმით, ზეწოლის განხორციელებაში პოლიციაც ჩაერთო. მაგალითად, სოფელ თაბაგრებში მოსახლეობა გააფრთხილეს, მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირონ. კონკრეტულად, დასახელდა ერთ-ერთი მოქალაქე გიული კუპატაძე, რომელსაც მმართველი პარტიის კოორდინატორი, რომან აბესაძე სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა.

24 ოქტომბერს დამკვირვებელი პირადად ესაუბრა გიული კუპატაძეს, რომელმაც დაადასტურა ზეწოლის ფაქტი. თავად „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა რომან აბესაძემ, მუქარა უარყო, თუმცა ადასტურებს გიული კუპატაძესთან საუბრის ფაქტს და აქვს ინფორმაცია, რომ ის ნამდვილად არის გაფრინდაშვილის მხარდამჭერი.

  • გურჯაანი:

26 ოქტომბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო გახადა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კაჭრეთის კოორდინატორი გივი რამაზაშვილი ენმ-ის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება და აფრთხილებს, 30 ოქტომბერს გათიშოს ტელეფონი და საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადდეს.

ნიკოლოზ მაზანაშვილის თქმით, მასზე ზეწოლას ახორციელებდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი გივი რამაზაშვილი. 20 ოქტომბერს გივი რამაზაშვილი შეხვდა ნიკოლოზ მაზანაშვილს და სთხოვა, ქართული ოცნების შტაბში შეხვედროდა, რადგან მასთან სალაპარაკო ჰქონდა. 20 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნიკოლოზ მაზანაშვილი მივიდა სოფელ კაჭრეთის „ქართული ოცნების“ შტაბში. გივი რამაზაშვილმა ნიკოლოზ მაზანაშვილისგან მოითხოვა, უარი ეთქვა კომისიის წევრობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში „გაქრობით“ ემუქრებოდა.

აუდიოჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ, გივი რამაზაშვილის ხმა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ნიკა მაზანაშვილს მიმართავს: „შენ 30-ში [მეორე ტურის კენჭისყრის დღეს] ტელეფონს დილით თიშავ და კომისიაში აღარ ხარ, გაიგე? საერთოდ გაქრი აქედან, წყნარად გაშინებ, იცოდე, წყნარად იყავი, რა, მეორედ აღარ დაგინახო კომისიაში მისული, მთავრობამ გაიმარჯვა და ბოლომდე გავიმარჯვებთ”

გივი მაზანაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას საერთოდ უარყოფს ამ ფაქტის არსებობას და ამბობს, რომ ნიკოლოზ მაზანაშვილი კარგად ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და მან თავად დაამონტაჟა ეს საუბარი. რამაზაშვილი ამტკიცებს, რომ არ არის და არც არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ შტაბში და ის, უბრალოდ, ხელისუფლების მხარდამჭერია.

  • თელავი:

27-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, თელავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელობა სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების გამგეებს იბარებდა და ავალდებულებდა წარმოედგინათ თანამშრომელთა მიერ მიწოდებული 15-კაციანი სია, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს.

აღნიშნული ფაქტი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას კატეგორიულად უარყო „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა, სოფო სისაურმა. მან გამორიცხა შტაბის და კანდიდატის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებზე.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ფაქტის გადამოწმება სცადა რამდენიმე სკოლის დირექტორთან და საბავშვო ბაღის გამგესთან, თუმცა მათ აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს.  ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა ერთ–ერთი ბაღის გამგემ, რომელსაც არ სურს ვინაობის გასაჯაროება.  მისი თქმით,   ასეთი დავალება იყო, თუმცა მას ნებაყოფლობითი ხასიათი ჰქონდა და ძალა არავის  დაუტანებია.

როგორც ISFED წერს, საგულისხმოა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი სესიაშვილი თავად ადასტურებს ფაქტს, რომ შეხვდა 300-მდე პედაგოგს და მათ სხვა მხარდამჭერთა წარმოდგენა სთხოვა.

  • ქობულეთი:

დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ მას და თავის მეუღლეს, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელია, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ, რადგან ისინი მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებად მოიაზრებიან. ქათამაძე მუქარის ავტორს არ ასახელებს. მუქარის ფაქტის თაობაზე ინფორმაცია ტარიელ ქათამაძემ პირველად სოციალურ ქსელში გააჟღერა (წაიკითხეთ “ბათუმელების” მასალა აღნიშნულ ფაქტზე).

  • ადიგენი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი შტაბის უფროსის, სიმონ პარუნაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გელა ყულიჯანიშვილი ღამის 12:00 საათზე მეზობელმა გაიყვანა სახლიდან თხოვნით, რომ დახმარებოდა მანქანის დაძვრაში. მისი თქმით, მანქანასთან მისულ ყულიჯანიშვილს ოთხი  უცნობი პიროვნება დახვდა, მანქანაში ჩასვეს და ცემით დაემუქრნენ, თუ თვითონ და მისი ოჯახის წევრები ხმას არ მისცემენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი კოპაძეს.

  • ქუთაისი:

24 ოქტომბერს ავანგარდის დასახლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორ ლამარა კაპანაძესთან სახლში მივიდა კახა აბზიანიძე, რომელიც იმავე დასახლებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტია. აბზიანიზემ ქალბატონს მოსთხოვა, არ წასულიყო არჩევნებზე, ან თუ წავიდოდა, ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა. ხმამაღალი საუბრის დროს მათ მოუვიდათ შეკამათება, რა დროსაც კაპანაძემ უთხრა აბზიანიძეს, რომ იგი გააგრძელებდა ენმ-ის აქტივისტობას. ამის შემდეგ, 25 ოქტომბრის ღამის 02:00 საათზე, იგივე მამაკაცი მივიდა ლამარა კაპანაძის კორპუსის ეზოში, დაიწყო ყვირილი და გინება კაპანაძის მისამართით. ლამარა კაპანაძე არ გამოეხმაურა მის ძახილს და აბზიანიძემ რამოდენიმე წუთში ეზო დატოვა.

 

  • ფოთი:

18, 19 და 20 ოქტომბერს, საუბნო კომისიის წევრებმა პირადი განცხადების საფუძველზე კომისიები დატოვეს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიამ 19 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა კონკურსი, სადაც 23 განაცხადი შემოვიდა. ხმათა უმრავლესობით აირჩა 19 ახალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. წინააღმდეგი იყო მხოლოდ კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალრი მოძრაობიდან“, მიშა პაჭკორია, რომელიც განთავისუფლებულ წევრებზე ზეწოლის შესახებ საუბრობდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ განცხადებებში  პირები ოჯახურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიზეზებენ და მის კომპეტენციაში სხვა სახის მოკვლევა არ შედის.

25 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა TSPress.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბნო კომისიის წევრები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი შეეცადა დაკავშირებოდა კომისიის განთავისუფლებულ წევრებს. მათ შორის მხოლოდ 14 წევრთან დაკავშირება გახდა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა კომისიებიდან წასვლის საფუძვლად ოჯახურ მდგომარეობასა და მოუცლელობას იმიზეზებს, ზოგი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობას. გასაუბრებულ წევრებს შორის მხოლოდ ერთმა აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, დანარჩენი კი პარტიულ კუთვნილებას კატეგორიულად უარყოფს.

გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას #61.70.21 საუბნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 8 ოქტომბრის ღამეს მიიღო. მიზეზი იყო პარტიების მხრიდან მომართული უსაფუძვლო ბრალდებები, რაც მის პროფესიონალიზმსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას შეურაცხყოფდა. იგი კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებს, ხოლო ზეწოლის ფაქტს უარყოფს.

21 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ მერიაში 19:00 საათის შემდეგ ხელმძღვანელი პირები და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას შტაბის წევრები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებოდნენ. დამკვირვებელი ინფორმაციის გადასამოწმებლად შეეცადა შესულიყო მერიის შენობაში, რისი უფლებაც დაცვამ არ მისცა. დახლოებით 21:30 საათზე მერიის შენობიდან გამოდიოდნენ პირები, რომლებიც შესაძლებელია საუბნო კომისიის ასარჩევი კანდიდატები ყოფილიყვნენ. მათ უარყვეს რაიმე შეხვედრაზე დასწრება და მერიაში მისვლის მიზეზიც არ განმარტეს.

მოგვიანებით, შენობიდან გამოსულმა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას  შტაბის წევრმა, გია დარჯანიამ უარყო კომისიის წევრების მერიაში ყოფნის ფაქტი და განაცხადა, რომ არანაირი შეხვედრა იქ არ ყოფილა. იგივე განაცხადა „ქართული ოცნების“ კანდიდატის შტაბის მეორე წევრმა, ლელა ბურკვაძემ. თავად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამაც კომისიის წევრებთან შეხვედრა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მერიაში არასამუშაო საათებში მას ჰქონდა მეგობრებთან ყოფნის უფლება. ადგილზე იმყოფებოდა TSpress-ისა და LivePress-ის ჟურნალისტი იზა სალაყაია ოპერატორთან ერთად, რომელმაც ვიდეოზე დააფიქსირა შეხვედრაზე მყოფ პირთა გამოსვლა მერიის შენობიდან.

  • ადიგენი

სოფელ ფხეროს სკოლის დირექტორმა, ვალიკო ველიჯანაშვილმა დამლაგებლები და პედაგოგები დაიბარა და უთხრა, რომ აქვს 14 ადამიანის სია, რომლებიც ენმ-ის კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის მხარდამჭერები არიან. მათ არჩევნების დღეს ბიულეტენები ისე უნდა დაკეცონ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიაში დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კოპაძე შემოხაზეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თოთხმეტივე თანამშრომელს სამსახურის დაკარგვით დაემუქრა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს აღნიშნული ინფორმაცია სკოლის დამლაგებელმა, ნინო ხარაიშვილმა დაუდასტურა. იგი პარალელურად ენმ-ის მიერ დანიშნული წევრია საუბნო საარჩევნო კომისიაში. მისი თქმით, სკოლის დირექტორს პედაგოგებთან შეხვედრა ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ინგა ბოჭორიშვილმა დაავალა.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები:

“სამართლიანი არჩევნების” II ტურის შუალედური წინასაარჩევნო ანგარიშის მიხედვით, მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ხარაგაულსა და სამგორში:

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისას საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით მახათაძე, ამავე სოფლის რწმუნებულს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. დავით მახათაძის თქმით, რწმუნებული 4 პირთან ერთად ჯერ თავად მას დაუპირისპირდა, შემდეგ კი 20 პირთან ერთად მისი ოჯახის წევრები სცემა. პოლიციამ მახათაძის ოჯახი უკვვე დაკითხა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლითაა აღძრული.
  • სამგორში, ვაზისუბანი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში, გიორგი ონიანი, აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს ქართული ოცნების 30-მდე აქტივისტი ხელკეტებითა და სადგისებით თავს დაესხა მისი შტაბის წევრებს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო.
    ენმ-ის ვერსიის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბი. მათი ინფორმაციით, გოგა  ონიანის მხარდამჭერები ღამით, 23:30 წუთისთვის გამოჩნდნენ აბუსერიძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუპერმარკეტთან. ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ, რაც „ქართული ოცნებისა“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ გამოთქმულ უცენზურო სიტყვებში გამოიხატებოდა და ფაქტს გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. თავად გიორგი ონიანი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს და თავდასხმაში მმართველი პარტიის კანდიდატს და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები

ISFED-ის განცხადებით, მაკა სუდაძე, ახალციხის თემის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ აცხადებს, რომ მისი ძმა სამსახურიდან ენმ-ის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.

მაკა სუდაძე ამბობს, რომ მისი ძმა, მამუკა სუდაძე თითქმის 13 წელია ა(ა)იპ „ახალციხის სპორტ-სკოლის“ სამეურნეო ნაწილის გამგედ მუშაობს. არჩევნების წინ იგი რამდენჯერმე გააფრთხილეს, ენმ-ის სასარგებლოდ არ ეაქტიურა, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. 10 ოქტომბერს, სამსახურში მისულ სუდაძეს უფროსმა უთხრა, რომ მის გათავისუფლებას მერიიდან სთხოვდნენ, რაზეც მამუკა სუდაძემ უთხრა, რომ საკუთარი ნებით წასვლის შესახებ განცხადებას არ დაწერდა. 17 ოქტომბერს, სამსახურში მისულ მამუკა სუდაძეს სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ დოკუმენტი დახვდა, რომელიც 5 ოქტომბრით იყო დათარიღებული, ხოლო გათავისუფლების ბრძანება დათარიღებული იყო 12 ოქტომბრით. მაკა სუდაძის თქმით, წლების განმავლობაში  მისი ძმა კვირაში 2-3-ჯერ მიდიოდა სამსახურში, თუმცა მსგავსი პრობლემა მანამდე არ შექმნია.

კომისიის წევრთა მონაწილეობა მმართველი პარტიის შტაბის შეხვედრებში

 

  • თელავი:

25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ იკრიბებიან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც აცხადებენ, რომ ასეთ კადრებს ნამდვილად ფლობენ და გაასაჯაროებენ  სასამართლო სხდომაზე.

პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და ამ შეხვედრაში მონაწილე კომისიის წევრთა დაჯარიმება მოითხოვა. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე 12 პირია იდენტიფიცირებული და მათ მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეგზავნა.

  • ხელვაჩაური:

15 ოქტომბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული #1, #32, #38, #40 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბში. „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს წევრების შტაბში ვიზიტს რაიმე საარჩევნო მიზნებისთვის. ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ 15 ოქტომბერს თბილისში  იმყოფებოდა და  კომისიის წევრები არ უნახავს.

17 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა მამუკა ქობულაძემ კომისიის წევრების პარტიულ შტაბში ყოფნასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და აღნიშნული კომისიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, საუბნო კომისიის ერთ წევრს, ოლქის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა. ორ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ უფლებამოსილება.

რაც შეეხება ვიდეომასალაში ასახული სხვა პირების იდენტიფიცირებას, როგორც ეს საჩივარშია მოთხოვილი, კადრების ცუდი ხარისხის გამო ვერ ხერხდება პიროვნებების ამოცნობა და ამ ნაწილში საჩივრის ავტორს უარი ეთქვა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები

 

  • ხაშური:

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #43-ე საარჩევნო ოლქში, ვალერი გელაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას 8 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურში მიღებული დაბალი შედეგების მიღებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი გურასპაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, გელაშვილის საარჩევნო შტაბი გამგებელმა დააკომპლექტა, შტაბმა კი არაკომპეტენტურად იმუშავა, რამაც არჩევნებზე მისი დაბალი რეიტინგი გამოიწვია.

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, მოგვიანებით, 22 ოქტომბერს, ვალერი გელაშვილი საკუთარ სასტუმროში „ივერია“ ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად გამგებლის მოადგილე, ზურაბ ჩხიტუნიძეც ესწრებოდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებების სავარაუდო აუდიოჩანაწერი 25 ოქტომბერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გახადა საჯარო. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, ვალერი გელაშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებს არჩევნების მეორე ტურზე მხარდაჭერას სთხოვს, ხოლო სანაცვლოდ, გამარჯვების შემთხვევაში, ხელფასების მომატებას ჰპირდება. გამგებლის მოადგილე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პირდაპირ საუბრობს და აღნიშნავს, არჩევნებზე ოჯახებით უნდა მივიდეთ, ადმინისტრაციული რესურსი ეს ისეთი რაღაცაა, რომ უნდა გამოვიყენოთ“.

  • სურამი:

სურამში, რუსთაველის ქუჩაზე, სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს სურამში მცხოვრები 120 ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. ISFED-ის ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოებისთვის თანხა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო.

ვალერი გელაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ წყლის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხა მას არ დაუხარჯავს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ნინო სუხიაშვილის თქმით, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ აწარმოებს, თუმცა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა და არც ის იციან, საიდან არის დაფინანსებული ეს პროექტი.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს 38 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა იმ  საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, სადაც  მეორე ტური დაინიშნა. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი