ახალი ამბები

ნატა ნაზღაიძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ

28 ოქტომბერი, 2016 • 3235
ნატა ნაზღაიძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ

ნატალია (ნატა) ნაზღაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უვადოდ დაინიშნა. მას საბჭოს თოთხმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ჟურნალსტები კენჭისყრის პროცესს თვალს მონიტორის საშუალებით ადევნებენ, ისინი უშუალოდ სხდომას არ ესწრებიან.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 28 ოქტომბერს, კენჭს უყრის უვადოდ დასანიშნ კიდევ 11 მოსამართლეს. კენჭისყრის პროცესი 11:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

ამ მოსამართლეებმა უკვე გაიარეს გამოსაცდელი ვადა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თქმით, შეფასების ეტაპზე დააგროვეს საკმარისი ქულები იმისათვის, რომ გასულიყვნენ კენჭისყრაზე.

თუკი საბჭო ყველა მოსამართლეზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი უვადოდ, საპენსიო ასაკამდე გამწესდებიან მოსამართლეებად.

“კანონის თანახმად, რომლითაც დაინიშნენ მოსამართლეები, არის 3-წლიანი ვადა. ამ მოსამართლეებს ამოეწურათ 3-წლიანი ვადა და, შესაბამისად, ამიტომ არიან ისინი დღეს წარდგენილნი, რომ საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. წინასწარი შემოწმებით, კანონი ითხოვს, რომ შემოწმდეს კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, მინიმალური ქულები ყველა კანდიდატმა გადალახა,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ, იუსტიციის საბჭოს მდივანმა, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეკითხებოდნენ თუ არა გასაუბრებაზე მოსამართლეებს, მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ნატა ნაზღაიძეს გახმაურებული საქმეების შესახებ, მურუსიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული საქმეების შესახებ შეკითხვები არ ყოფილა.

“მოსამართლეს ხან უწევს ისეთი საქმის განხილვა, რომელიც არის გახმაურებული, და ისეთი საქმეების განხილვა, რომელიც არ არის გახმაურებული. ყველა საქმე არის მნიშვნელოვანი. მაგრამ, ზოგადად, როგორც მე ვიცი, და ვესწრებოდი ამ გასაუბრებებს, ზოგადად, შეკითხვები, როგორ ართმევს მოსამართლე თავს გახმაურებული საქმეების განხილვას, ზოგადი შეკითხვები დასმული იქნა არა მარტო იმ კონკრეტული მოსამართლის მიმართ, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, სხვა კანდიდატების მიმართაც. კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, ზოგადად, კითხვები დაისვა კანდიდატების მიმართ, როგორ ართმევენ თავს გახმაურებულ საქმეებს.

ამ შემთხვევაში, მთავარი არის, ჩემი აზრით, რომ მოსამართლე, რომელიც იხილავს გახმაურებულ საქმეებს, უნდა იმოქმედოს მან კანონით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც საქმეშია და თავისი შინაგანი რწმენით. რეალურად, მოსამართლოს პროფესია არის ისეთი პროფესია, რომ შეიძლება ხშირად მისი გადაწყვეტილება განსხვავებული იყოს საზოგადოებაში არსებული აზრისგან. შეიძლება ზოგჯერ საზოგადოება ითხოვდეს ადამიანის ძალიან მკაცრად დასჯას და მოსამართლემ მიუსაჯოს დაბალი სასჯელი, ან პირიქით, მსუბუქად დასჯას ითხოვდეს საზოგადოება და მოსამართლემ გამოიყენის სასჯელის მაქსიმალური ზომა,”-განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი