ახალი ამბები

პუტინი: ამერიკელი პოლიტიკოსები მითიური რუსული საფრთხის შესახებ ისტერიკას ქმნიან

28 ოქტომბერი, 2016 • 1813
პუტინი: ამერიკელი პოლიტიკოსები მითიური რუსული საფრთხის შესახებ ისტერიკას ქმნიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსები მითიური რუსული საფრთხის შესახებ ისტერიკას ქმნიან. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. პუტინის აზრით, ამ ხრიკს ამომრჩევლების ყურადღების გადასატანად იყენებენ, რათა საკუთარი შიდაპოლიტიკური შეცდომებიდან მათი ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ.

პუტინმა აღნიშნული განცხადებები 27 ოქტომბერს საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან არაერთხელ გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია, რომელიც მისი თქმით, სიტყვას არ ასრულებს სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და არასწორად სდებს ბრალს რუსეთს ყველა დანაშაულში.

აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად დასდო ბრალი რუსეთს “დემოკრატების” წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებში, ხოლო “დემოკრატების” საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს “პუტინის თოჯინა” უწოდა.

პუტინის თქმით, ძნელი დასაჯერებელია, ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს, რომ მოსკოვს შეუძლია აშშ-ში 8 ნოემბრის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. მისი თქმით, ეს ისტერიკა პოლიტიკურ ელიტას იმისთვის სჭირდება, რომ იმ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი და ქვეყნის სახელმწიფო ვალი, არაფერი აქვთ სათქმელი.

“ბევრად იოლია ადამიანების ყურადღება გადაიტანო ე.წ. რუს ჰაკერებზე, აგენტებზე. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია ამერიკელი ხალხის არჩევანზე გავლენა მოახდინოს?! ამერიკა ბანანის რესპუბლიკაა თუ რა?! ამერიკა ეს დიდი ძალაა”,- ამბობს პუტინი.

თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა. პრესსპიკერმა ჯოშ ერნესტმა პუტინის კომენტარებს მოსალოდნელი უწოდა:

“არაფერი. რაც პრეზიდენტმა პუტინმა დღეს თქვა, სიურპრიზი არ ყოფილა”,- ამბობს ის

პუტინის განცხადებით, მოსაზრებები იმის შესახებ რომ შუა აღმოსავლეთში, სირიის გარდა, რუსეთი სხვა ქვეყანაშიც ინტერვენციას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი