ახალი ამბები

ახალციხეში ენმ-ის წევრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო

28 ოქტომბერი, 2016 • 1208
ახალციხეში ენმ-ის წევრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ახალციხეში ენმ-ის წევრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო.

“ახალციხეში დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე საქმე დაწყებულია 178-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაზარალებულმა მისცა ჩვენება და, რაც მე ვიცი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დაგეგმილი დღეს დილით. ყველას დაკითხვა მოხდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაიკითხება, შეატყობინოს, როგორც წესია, ან მიიყვანოს. მერე მოხდება მათი დაკითხვაც. დღეს დილას იყო დაგეგმილი ადგილის დათვალიერება, რომ ენახათ, რა მოხდა, სად მოხდა, ადგილზე რამე კვალი არის თუ არა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ გამოძიებას”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

აღნიშნული განცხადება შალვა ხუციშვილმა დღეს, 28 ოქტომბერს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისის ხდომაზე გააკეთა. მან ასევე ისაუბრა მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა ამ მიმართულებით შეინარჩუნოს წესრიგი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. კომისიაზე ვიმსჯელეთ, როგორც მომავალი ტურის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ასევე, რაც მედიით გავრცელდა, ის ინფორმაცია ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, 27 ოქტომბერს ახალციხეში ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ენმ-ის ცნობით, პარტიის შტაბის წარმომადგენელი ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, როდესაც მის წინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის ავტომობილი გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდნენ პირები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ენმ-ის ცნობით, დამტვრეულია კამერაც. “ეს ყველაფერი კი გუბერნატორის თანდასწრებით ხდებოდა.

ახალციხე-ადიგენის 44-ე მაჟორიტარულ ოლქში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გიორგი კოპაძე “ქართული ოცნებიდან”, რომელმაც I ტურში 39.65% მიიღო, და ვაჟა ჩიტაშვილი ენმ-დან, რომელმაც ხმების 44.07% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი