ახალი ამბები

ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის ფლობისთვის მსჯავრდებული კოტე ჯაფარიძე პრეზიდენტმა შეიწყალა

27 ოქტომბერი, 2016 • 1541
ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის ფლობისთვის მსჯავრდებული კოტე ჯაფარიძე პრეზიდენტმა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 22 წლის კოტე ჯაფარიძე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის (MDMA) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით 25 000 ლარი თანხის გადახდა დააკისრა.

დღეს, 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, განაცხადა, მათგან 114 დღესვე დატოვებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. მათ შორის აღმოჩნდა კოტე ჯაფარიძეც — მან უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

“ვულოცავთ კოტეს და მის ოჯახს, მის მეგობრებს და ყველა ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა პრეზიდნტის სახელზე მომზადებულ საზოგადოებრივ მიმართვას, ან სხვა ნებისმიერი ფორმით გამოხატა კოტეს მიმართ მხარდაჭერა”, – წერს ფეისბუკზე “თეთრი ხმაურის მოძრაობა” (მოძრაობა, რომელიც ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს და ამ მოთხოვნით ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს). სწორედ მათ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით 2016 წლის ივნისში.

"ხმაურის დროა", "ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს", "დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია" - ხშირად იმეორებდნენ აქციის მონაწილეები. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი