ახალი ამბები

სააკაშვილი: მეორე ტურებში ჩვენი აქტიურობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია

27 ოქტომბერი, 2016 • 1178
სააკაშვილი: მეორე ტურებში ჩვენი აქტიურობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია

საქართველოს ყოფილი პრეზდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს არჩევნების მეორე ტურში ბრძოლისკენ მოუწოდებს, თუმცა 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იგი აცხადებდა, რომ მეორე ტურებში “ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.

“საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, ჩვენ, მათ შორის, მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობით, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ ასევე უნდა ვუთხრათ იმათ, ვისაც უღალატეს იმ პარტიებმა, ვისაც ხმა მისცეს. ჩვენ ამაზე წინასწარ ვაფრთხილებით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და პოლიტიკასთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ. მაგრამ მათმა ამომრჩეველმა არაფერი არ დააშავა და, მე ვფიქრობ, მეორე ტური ასევე არის ამ ამომრჩევლებისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება,”- განაცხადა სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე 27 ოქტომბერს, არჩევნებამდე 3 დღით ადრე გავრცლებულ მიმართვაში.

10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 50 მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იქნებოდა საჭირო, სადაც, უმეტეს შემთხვევებში, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მიიღებდენ მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურებში მონაწილეობას. მისივე თქმით, თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას და მისცემდნენ თუ არა ლეგიტიმაციას დარღვევებით ჩატარებულ  არჩევნებს.

ამ განცხადებამ ნაციონალური მოძრაობის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა 11 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებდა და პარლამენტშიც შევიდოდა.

თუმცა სანდრა რულოვსმა, რომელიც სიის მეორე ნომერია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიეღო მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში. რულოვსის გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა “დამაზიანებელი” და “სამწუხარო” უწოდეს.

სააკაშვილმა კი 27 ოქტომბრის განცხადებაში განხეთქილების ჩამოგდების მცდელობაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

“გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ცდილობს დანერგოს უიმედობა, განხეთქილება, ინტრიგები. მას ეს არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ გვინახავს უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით, რა არის პროგრესი, რა არის აღმშენებლობა და ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, როდესაც ერთ მუშტად ვართ შეკრული.

ამიტომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს, ბრძოლას მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენით სახელმწიფო დაწესებულებები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი