ახალი ამბები

საია წყალმომარაგების კომპანიას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაში ადანაშაულებს

24 ივლისი, 2012 • • 1172
საია წყალმომარაგების კომპანიას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაში ადანაშაულებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მიმდინარე წლის 18 ივლისს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საკუთარ ვებ-გვერდზე წამახალისებელი აქციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომპანია იწყებს ახალ აქციას სახელწოდებით „გადაიხადე მხოლოდ 50%“. აქციის ფარგლებში, რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადი გაუნახევრდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აქციის მოქმედების პერიოდი: ის დაიწყო 18 ივლისს და გრძელდება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვაშილავას განცხადებით: ,,კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება ჯამში დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს და ეს აქცია მოსახლეობას მისცემს საშუალებას, შეამცირონ გადასახადის ოდენობა. აქციის ფარგლებში აბონენტებმა რეგიონებში არსებულ სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ და მათზე რიცხული დავალიანება დააზუსტონ. ამის შემდეგ დაზუსტებული დავალიანების აქტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს და დავალიანების 50% ავტომატურად ჩამოეჭრებათ”.


“გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო მის მიერ ინიცირებული აქციის მოქმედების პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩნდება ეჭვები და კითხვები, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევას, ან უფრო მეტი, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არა აქვს ადგილი,”- ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს, 24 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

საია-ს განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემა/შეთავაზება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ წამოწყებული აქციის საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი შემდეგი გარემოებების გამო:

 

1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წილის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. კომპანიის დებულების მიხედვით, მის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ უკანანსკნელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მინისტრი, ამავდროულად, პოლიტიკური თანამდებობის პირია და წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის უფლებით სარგებლობს. ურთიერთდამოკიდებულებათა ამგვარი სისტემა კარგ შესაძლებლობას ქმნის ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებისათვის;

 

2. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წამახალისებელი აქცია იწყება 2012 წლის 18 ივლისს და გრძელდება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. აქციის მოქმედების პერიოდი საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ოქტომბერში ჩატარდება;

 

3. აქცია გულისხმობს დავალიანების მქონე რეგიონის აბონენტებისათვის ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას, კერძოდ, დავალიანების 50%-ის ჩამოწერას, რაც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდეს;

 

4. აქციის მასშტაბები შთამბეჭდავია – ის მოიცავს რეგიონების აბონენტებს და დაახლოებით 5 მილიონი ლარის დავალიანებას შეეხება. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეგიონის დაახლოებით 100 000 აბონენტს აქვს დავალიანება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიმართ. აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიის 50-მდე სერვის-ცენტრს შეღავათების მისაღებად.

 

აღნიშნულ განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საია მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უწყებათშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სამართალდამცავ ორგანოებს შემდეგი მოთხოვნებით:

 

1. შეისწავლონ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზემოაღნიშნული საქმიანობა;

2. დაადგინონ, რითია განპირობებული აქციის წარმოება დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში და არის თუ არა ის მოგებაზე ორიენტირებული;

3. დაადგინონ, წამახალისებელი აქციის დაგეგმვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დავალებების გაცემას კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ;

4. დაადგინონ, ხომ არ აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს მმართველი პარტიის სასარგებლოდ;

5. საქმის გარემოებების სათანანდოდ, მიუკერძოებლად და სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი