ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტები 330 ათას დოლარად დაიქირავა

24 ივლისი, 2012 • • 1460
საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტები 330 ათას დოლარად დაიქირავა

საქართველოს უშიშროების საბჭოს სახელით აშშ-ში რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანია Gephardt Group Government Affairs -თან კონტრაქტი 2012 წლის 1 ივლისს  საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააფორმა. კონტრატის ღირებულება 180 ათასი აშშ დოლარია და მისი მოქმედების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდეა. ლობისტური კომპანიისთვის გადასახდელი თანხა არ შეიცავს საქართველოს ბიუჯეტში გადასახდელ გადასახადებს.

 

ხელშეკრულების მიხედვით, Gephardt Group Government Affairs  საქართველოს უშიშროების საბჭოს უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის მომსახურება: ლობირება და სამთავრობი წრეებთან ურთიერთობა; ადვოკატირება კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თავისუფალი ვაჭრობისა და დემოკრატიის საკითხებზე; დახმარება წინასაარჩევნო საკითხებში და ასევე სხვა სახის მხარდაჭერა, რაც ორივე მხარის მიერ ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრება.

 

ლობისტური კომპანია Gephardt Group Government Affairs  იღებს ვალდებულებას, რომ ის აშშ-ში აიცილებს ყველა იმ ქმედებას, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს რეპუტაციას, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობისა და უშიშროების საბჭოს ინტერესებზე, რეპუტაციასა და აქტივებზე.

 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგევრდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტში აღნიშნულია, რომ   Gephardt Group Government Affairs-ს უფლება არა აქვს საქართველოს მთავრობის სახელით წარდგეს სადმე, ან მესამე პირთან მოლპარაკება აწარმოოს რაიმე საკითხზე. მან ყოველთვის უნდა მიუთითოს, რომ ის მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებას უწევს საქართველოს უშიშროების ეროვნულ საბჭოს.

 

აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებამდე, 2012 წლის 19 ივნისს ლობისტური მომსახურების მისაღებად  საქართველოს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა ლობისტურ კომპანია Prime Policy Group-თან. კონტრაქტი ამ შემთხვევაშიც ექვსთვიანია და 2012 წლის 19 ივნისიდან ამავე წლის 19 დკემბრამდეა დადებული. საქართველოს უშიშროების საბჭომ ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიას ლობისტური მომსახურბეისთვის 150 ათასი აშშ დოლარი უდნა გადაუხდოს.

 

ხელშეკრულების მიხედვით, Prime Policy Group საქართველოს უშიშროების საბჭოს დაეხმარება ადვოკატირებასა და ურთიერთობაში აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციასთან, სენატთან და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან სხვადასხვა საკითხებზე.

 

Prime Policy Group-ს პოლიტიკუი საქმიანობა მოიცავს საქართველოს უშიშროების საბჭოს სახელით აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებას პოლიტიკურ და სავაჭრო საკითხებზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების გზები იქნება განსხვავებული და მოიცავს სატელეფონო ზარების გნხორციელებას, შეხვედრებსა და კორესპონდეციების გაგზავნას აშშ-ის ხელსიფულების წარმომადგენლებთან.

 

აღნიშნული ხელშეკრულებების გარდა,  2012 წლის 10 იანვარს ლობისტურ კომპანია Orion Strategies LLC-თან საქართველოს მთავრობამ ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა  ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებისთვის.

 

კონტრაქტის თანახმად, რომლის საერთო ღირებულება 270 ათასი აშშ დოლარია (რაც თვეში 45 ათასი აშშ დოლარი გამოდის), კომპანია ლობირებას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიზნით.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც წესი, ყოველწლიურად აფორმებს ერთ ან ორ კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან. მაგალითად, 2011 წლის  1 ივლისს Podesta Group-თან გაფორმებული ექვსთვიანი კონტრაქტის ღირებულებამ შეადგინა 300 ათასი აშშ დოლარი; 2011 წლის 22 ნოემბერს HDMK LLC-თან გაფორმებული ერთვიანი კონტრაქტის ღირებულებამ კი – 27 764.70 აშშ დოლარი. ჯამში, 2011 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის 327 764 აშშ დოლარი დახარჯა.

 

აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ლობისტებს ქირაობს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.  მსოფლიოში ცნობილ ლობისტური კომპანია BGR Group-თან ბიძინა ივანიშვილმა მოლაპარაკება გასული წლის ივლისში დაიწყო, მაშინ, როცა მილიარდერის პოლიტიკური მიზნების თაობაზე ინფორმაცია არ არსებობდა.

ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ საჯარო განცხადება გასული წლის 4 ოქტომბერს გააკეთა, ხოლო კონტრაქტი BGR Group-თან 21 ნოემბერს გააფორმა ოფიციალურად. 

კონტრაქტის თანახმად, BGR Group-ი იღებს ვალდებულებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობის სასარგებლოდ ლობისტური საქმიანობა განახორციელოს აშშ-ში, ასევე,  შეხვედრების ორგანიზება ამერიკის მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან.

ამ მომსახურების სანაცვლოდ ივანიშვილი ლობისტურ კომპანიას თვეში 25 ათას ამერიკულ დოლარს უხდის.

კიდევ ერთი კონტრაქტი ბიძინა ივანიშვილის სახელით BGR Group-თან 2011 წლის 20 დეკემბერსაა გაფორმებული, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლობირებას ითვალისწინებს.

მთლიანობაში, ორივე კონტრაქტის ფარგლებში, აშშ-ში ლობირებისთვის ბიძინა ივანიშვილი თვეში 45 ათას აშშ დოლარს ხარჯავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი