ახალი ამბები

ვის ირჩვევს ”ქართული ოცნება” აჭარაში

27 ივლისი, 2012 • 1935
ვის ირჩვევს ”ქართული ოცნება” აჭარაში

როსტომ ხალვაში

„ქართული ოცნების”  ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, როსტომ ხალვაში, გამარჯვების შემთხვევაში აპირებს ხელვაჩაური ისტორიულ საზღვრებს დაუბრუნოს, ბოლომდე მიიყვანოს მიწის რეფორმა, მტირალას ეროვნულ პარკს შესასვლელი ხელვაჩაურის მხრიდან გაუკეთოს და ხელვაჩაურს ტურიზმის პერსპექტივა დაუბრუნოს. კითხვაზე, როგორ აპირებს ამ ცვლილებების გატარებას, ამბობს, რომ ინიციატივებს მოამზადებს და პარლამენტში წარადგენს.

 

რა მიაჩნია როსტომ ხალვაშს ”ნაციონალური მოძრაობის” მთავარ მიღწევად? –  ამ კითხვაზე პასუხი მას რამდენიმე წუთის ფიქრის შემდეგ აქვს: ”გზების მშენებლობა“. მმართველი გუნდის მთავარ ნაკლად კი ადამიანის დარღვეულ უფლებებს მიიჩნევს.

სანამ „ქართულ ოცნებაში“ მოვიდოდა, მანამდე კერძო კომპანიაში მუშაობდა. ამ კომპანიის პროფილი სწორედ გზების მშენებლობაა. ამბობს, რომ მისი შემოსავალი თვეში 1700 ლარი იყო.

 

როსტომ ხალვაში 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ”რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ამბობს, რომ გაიმარჯვა, მაგრამ შედეგი გაუყალბეს და ხელვაჩაურის საკრებულოში ვერ მოხვდა. ზუსტად იცის, რომ სოფელში 1000 ხმა მიიღო.

 

”ქართული ოცნება” მისი არჩევანი ორი მიზეზით გახდა: აქ არის მურმან დუმბაძე და მოსწონს „ქართული ოცნების“ ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით.

 

”რესპუბლიკური პარტია” მაშინ დატოვა, როცა ეს პარტია დატოვა მურმან დუმბაძემ, რადგან ”რესპუბლიკური პარტია” მისთვის ამ ფიგურასთან ასოცირდებოდა და პარტიის იდეოლოგიაზე უფრო მნიშვნელოვანი მისთვის ლიდერის გადაწყვეტილება იყო.

 

თუ მურმან დუმბაძე კიდევ შეიცვლის პოლიტიკურ პარტიას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს როსტომ ხალვაში? _ „არსად წასვლას აღარ ვაპირებთ, მე მგონი ეს ჩვენი ბოლო არჩევანია.“- პასუხობს როსტომ ხალვაში.
პროფესიით აგრონომია და მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურში ტუნგოს კულტურა უფრო აქტუალური უნდა გახდეს და ხელვაჩაურს აბრეშუმის წარმოებაც მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს.

 

როსტომ ხალვაშის მეუღლეს არასდროს უმუშავია. მას ქალის უპირველეს მოვალეობად შვილების გაზრდა და ტრადიციების შენარჩუნება მიაჩნია, თუმცა საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალის ჩართულობის წინააღმდეგი არ არის.

 

პოლიტიკაში წარუმატებლობის შემთხვევაში პროფესიით აგრონომი აპირებს დაუბრუნდეს „სოფელში ბარსა და თოხს“.

 

მის პირად საკუთრებაშია ავტომანქანა, რომლის საბაზრო ღირებულება 6000 დოლარია. აქვს საკუთარი სახლი ორთაბათუმში.

 

 

ზია საგინაძე

”ეს იქნება დეტექტივი, რომლის სიუჟეტი ხულოში ვითარდება. ვითარება კრიმინალებს და პოლიციას შორის იძაბება, მძაფრსიუჟეტიანი ნაწარმოების ხერხემალი უკვე მზადაა და ყოველ ღამით ავტორი დეტალებს ამატებს სიუჟეტების სახით. ამ სიუჟეტებს შორის იქნება „დღევანდელი დღეც“, – ამბობს ავტორი და მისი ეს ფრაზა გვაფიქრებინებს, რომ დეტექტივი ავტობიოგრაფიული ხასიათის იქნება. ავტორი ვარაუდობს, რომ წიგნი მკითხველამდე მალე მივა, მანამდე კი ავტორი ამომრჩეველმა გაიცნო როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხულოში.

 

ზია საგინაძე ბათუმში ჟურნალისტებს გააცნეს, როგორც კანდიდატი, ყოფილი პოლიციელი და როგორც პოეტი და კარგი თამადა.

ზია საგინაძე 54 წლისააა. იგი სამჯერ იყო ხულოს პოლიციის უფროსი, სამჯერ გაათავისუფლეს აბაშიძის მმართველობის დროს და სამჯერვე დააბრუნეს ამავე თანამდებობაზე.

 

იგი „ბათუმელებთან“ ერთ კონკრეტულ ფაქტს იხსენებს: მას არ მოსწონდა აჭარაში უკანონო „ბლოკ-პოსტები“, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საბაბი ხდებოდა. ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე დაბრუნების მოტივი ყოველთვის ხალხის მოთხოვნა იყო. კითხვაზე, არსებობს თუ არა ამ განცხადებების დამადასტურებელი საჯარო განცხადების აუდიოჩანაწერი ან გამოქვეყნებული ბეჭდური ვერსია, პასუხობს რომ – არა.
კითხვაზე -ასლან აბაშიძის დროს მისი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა მისი პოლიტიკური კარიერისთვის უარყოფითია თუ დადებითი? ასე პასუხობს: „რა ვიცი, რიგითი ჯარისკაცი ვიყავი და შემსრულებელი, კანონის ჩარჩოდან არ გავდიოდი, რატომ უნდა იყოს ნაკლი?“

 

 

აბაშიძის მმართველობის დასრულების შემდეგ მალევე, 2004 წელს, გადაწყვიტა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ებრძოლა. ჯერ კანდიდატურა დააყენა და შემდეგ მოხსნა. კითხვაზე, რატომ? პასუხობს: „ბაბუინებს გვეძახოდნენ, მიმაყოლეს ასლანის პოლიტიკას, მეც ჩავთვალე, რომ მაინც ვერ გავაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და საზოგადოება მოტყუებული დარჩებოდა“.

 

რატომ მიდის პოლიტიკაში ზია საგინაძე? იგი ამბობს, რომ უნდა ებრძოლოს უსამართლობას და გამოასწოროს ეკონომიკური მდგომარეობა.

 

ზია საგინაძის სახელზე რეგისტრირებულია 6000კვ/მ მიწის ფართობი კრწანისში. თვითონ ამჯერად უმუშევარია, მეუღლე პედაგოგია, ვაჟი თურქეთშია სამუშაოდ წასული.

 

მისი ოჯახი 18 წელი ცხოვრობდა კრწანისში, მრავალსართულიან კორპუსში. როგორც ეკომიგრანტი. შემდეგ კი, როგორც ამბობს, უკანონოდ გამოასახლეს და საქმე სასამართლოშია. ოჯახი ხულოში დაბრუნდა, სოფელ მანიაკეთში.

 

 

ფატი ხალვაში

იმ დღეს, როცა აჭარაში ”ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახლდნენ, ოფიციალურ ინფორმაციაში ფატი ხალვაშის გასწვრივ მითითებული იყო -”ქიბარ ხალვაშის და”.

 

რას ფიქრობს თავად ამაზე? – მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, მაინც ფიქრობს, რომ მისი ძმის ჩრდილიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება.

 

ფატი ხალვაშს პროფესიით არასდროს უმუშავია. დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრული მანქანების სპეციალობით. ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბნის სკოლაში ჯერ ქიმიის, შემდეგ ფიზიკის, ბოლოს კი მათემატიკის მასწავლებელი იყო. ბოლოს მუშაობდა პარფიუმერული მაღაზიის გაყიდვების მენეჯერად, ორი წლის წინ გაიარა ბუღალტრის კურსები.

 

ამბობს, რომ ქობულეთელები მას იცნობენ როგორც გულწრფელს და მონდომებულს. მიაჩნია, რომ ამის გამო მხარსაც დაუჭერენ.

 

ფატი ხალვაში ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლა უსამართლობის განცდამ გადააწყვეტინა. იგი აპირებს გარემო შეცვალოს, რომ საქართველოში აღარ იყვნენ პოლიტიკური დევნილები. „უსამართლობა ჩემს ოჯახს პირდაპირ შეეხო და ვიცი რა განცდა მოაქვს ამას. ჩემი ოჯახის წევრია პოლიტიკურად დევნილი“. კითხვაზე, რომ არა უსამართლობის განცდა, პოლიტიკაში წავიდოდა თუ არა, პასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია.

 

აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მისი არჩევანი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო აღმოჩნდა. ფატი ხალვაშს მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი უნდა იყოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. „არ მიყვარს თამაში და აქეთ-იქით ხტომა, მაგრამ თუ ივანიშვილი საგარეო ვექტორს შეცვლის და გამარჯვების შემთხვევაში უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირზე, საერთოდ დავჯდები სახლში“ – ამბობს ის.

 

ფატი ხალვაშის მეუღლე, ნუგზარ ყურშუბაძე, წლების განმავლობაში სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობდა. 2003 წელს „გაის“ უფროსი იყო. 2004 წელს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი გახდა, შემდეგ თბილისის სამმართველოში გადავიდა სამუშაოდ, ბოლოს კი მეუღლის ძმის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესში ჩაერთო. ამჟამად უმუშევარია.

 

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას ბრიფინგზე დასმულ კითხვას – ვისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ქობულეთში-მის ნაცვლად მურმან დუმბაძემ უპასუხა: ”ბიძინა ივანიშვილისგან”, თავად კი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდოდნენ, ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდა.

 

ფატი ხალვაშს მიაჩნია, რომ საქართველოში ქალთა დისკრიმინაცია არ არის. ჯერჯერობით არ უფიქრია ისეთ ინიციატივებზე, რაც ქალების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად გაზრდის. მიაჩნია, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა დომინანტი რელიგია უნდა იყოს, რადგან უმრავლესობა მართლმადიდებელია.


”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში
”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში

მასალების გადაბეჭდვის წესი