ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთის ოკუპანტის სტატუსი რეალობის სწორი ასახვაა, მაგრამ გვზღუდავს

27 ოქტომბერი, 2016 • 1824
ზურაბიშვილი: რუსეთის ოკუპანტის სტატუსი რეალობის სწორი ასახვაა, მაგრამ გვზღუდავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსი, რაც რეალობის სწორი ასახვაა, საქართველოს რუსეთთან პირდაპირ დიალოგში ხელს უშლის. გადაცემის  “მთავარი” ჟურნალისტმა თამარ ჩიქოვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, შესაძლებლად მიაჩნია თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების გზით იმ მიზნის მიღწევა, რაც საქართველოს სჭირდება. ჩიქოვანმა ასევე გაიხსენა სტამბოლის ეუთოს გადაწყვეტილება რუსული ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, რომელიც რუსეთმა ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის წლებში შეასრულა.

“მოლაპარაკებით შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია, ყოველთვის საჭიროა, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა. დაბლოკილი ვართ ამ კუთხითაც. ოკუპანტის სტატუსი, რაც [რუსეთს] მიენიჭა და რაც არის რეალობის სწორი ასახვა, ამავე დროს, ჩვენ გვბლოკავს ყველა მხრივ. ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, ჩვენი უცხოელი მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და არიან თავისუფალი, რომ ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ და ჩვენ არა. ეს შეგვიძლია მხოლოდ იმ ორმხრივ ფორმატში [აბაშიძე-კარასინის ფორმატი], ეს არის შეზღუდვა.

ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით, და ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი გზა არ არის, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. დიპლომატიური გზა არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები. ამ გზაზე არ შეიძლება ოპოზიციონერები დადიოდნენ, როგორც რამდენიმემ ეს სცადა, თავისი პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად. ეს დიპლომატიური გზა უნდა იყოს კარგად შიგნით შეთანხმებული, ამაზე კონსენსუსი უნდა იყოს ყველა პარტიების და არა ერთის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და რა არის ჩვენი წითელი ხაზები. ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების მომზადება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში “მთავარი” სტუმრობისას, თუმცა ეს თემა უფრო კონკრეტულად აღარ განუხილავს.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი