6 ქვეყანა მზადაა, შავ ზღვაში ნატოს პოზიციების გაძლიერებაში მიიღოს მონაწილეობა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 6 წევრი ქვეყანა: გერმანია, კანადა, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების მისიაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

როგორც სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ალიანსის სხვა წევრებიც ფიქრობენ, როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.

“დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შავ ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხი, რომელსაც ხმელეთზე რუმინეთის ლიდერობით მულტინაციონალური ბრიგადა უხელმძღვანელებს. ჩვენ ვმუშაობთ ზომებზე როგორც ჰაერში, ასევე, ზღვაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იგი ასევე გამოეხმაურა რუსეთის სამხედრო წვრთნებს KAVKAZ 2016 და კალინინგრადში ისკანდერის ტიპის რაკეტების ინსტალაციას. სტოლტენბერგის თქმით, ნატო რუსეთის აქტივობებით შეშფოთებულია, თუმცა “დიალოგი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როცა დაძაბულობა მაღალია”.

შავ ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსმა წელს ვარშავის სამიტზე მიიღო. უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მულტინაციონლაური ბატალიონების განთავსების შესახებაც. მისი თქმით, ნატო მსგავს ბატალიონებს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში განათავსებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com