ახალი ამბები

პრემიერი მოსახლეობას აფხაზური ენის დღეს ულოცავს

27 ოქტომბერი, 2016 • 1198
პრემიერი მოსახლეობას აფხაზური ენის დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – აფხაზური ენის დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა, მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს, 27 ოქტომბერს, გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზური ენა მეორე სახელმწიფო ენაა. სახალხო დამცველის განცხადებით, მსოფლიოში 6500-ზე მეტ ენას ასახელებენ, რომელთა უმრავლესობასაც, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება, მათ შორის 2011 წლიდან აფხაზური ენაც აღმოჩნდა.

“საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ყველა ენის, მათ შორის აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად მრავალი შემაფერხებელი გარემოებისა, ვფიქრობ, უფრო მეტი კონკრეტული აქტივობების განხორციელება არის შესაძლებელი აფხაზური ენის გადარჩენა-განვითარებისთვის. სასურველია, აფხაზებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში და იმ ტერიტორიებზე, სადაც ასეთი მოთხოვნა იქნება, ხელი შეეწყოს აფხაზური ენის სწავლებას, ასევე განხორციელდეს სხვადასხვა სახის პროგრამები აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზებისთვის”,- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდს სამუშაო ენათა შორის აფხაზური ენაც დაემატა და ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა რეგულარულად უკვე აფხაზურ ენაზეც გაშუქდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი