ახალი ამბები

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, არ გადადოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ

27 ოქტომბერი, 2016 • 1791
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, არ გადადოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ

ევროპარლამენტის დეპუტატები ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები “ყოველგვარი გადავადების გარეშე” დაიწყოს.

განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების გადავადების არანაირი მიზეზი არსებობს.

ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებით, ევროკომისიამ უკვე დაადასტურა, რომ საქართველო სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც სავიზო ლიბერალიზაციისთვის არის საჭირო.

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ივლისიდან მოყოლებული მსჯელობენ, თუ რომელ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ შეჩერების მექანიზმის დაწესება ევროპარლამენტთან არ შეთანხმდება, ევროდეპუტატები აკრიტიკებენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ მორე და მომსხენებელი მარია გაბრიელი თავიანთ მიმართვაში აცხადებენ, ევროპარლამენტის პრინციპი ისაა, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც დადგენილ კრიტეტიუმებს აკმაყოფილებს, უნდა სარგებლობდეს სავიზო ლიბერალიზაციით.

მარია გაბრიელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველო იგულისხმება. ევროპარლამენტის მომხსენებელი ევროკავშირს მოუწოდებს,  შეასრულოს დაპირება და აღარ გადადოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები. მისი თქმით, სავიზო ლიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირს წარმოადგენს, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან კონკრეტული მიღწევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი