ახალი ამბები

კახეთის სტიქია ხილ–ბოსტნეულს გააძვირებს

20 ივლისი, 2012 • • 1855
კახეთის სტიქია ხილ–ბოსტნეულს გააძვირებს

თედო გვინდაძე, რომელიც ხილ– ბოსტნეულით ვაჭრობს, ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე ატმის დეფიციტი არ იყო, თუმცა კახეთში მომხდარმა სტიქიამ ატამზე, ნესვზე, საზამთროზე და პომიდორზე ფასის ზრდის მოლოდინი გააჩინა:

 

 „დღეს ატამი და ნესვი 80 თეთრად ვიყიდე, როცა კახეთის სტიქიამდე ხილზე საბითუმო ფასი 60 თეთრი იყო. პომიდორი 1 ლარად შემოვიდა ბაზარზე, მანამდე 70 თეთრი ღირდა. “

 

თედო გვინდაძე ამბობს, რომ კარტოფილი, ლობიო და ბადრიჯანი ბაზარზე ძირითადად მარნეულიდან შემოდის. ამდენად,  ბადრიჯანზე და კარტოფილზე ფასი არ შეცვლილა. ამ პროდუქტების საბითუმო ფასი ბაზარზე 80 თეთრიდან  1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

„შესაძლოა ეს პროდუქტებიც გაძვირდეს. რადგან ბაზარი  ძირითადად  მარნეულიდან მარაგდება. თუ იქაც შემცირდა მოსავალი, ფასი აიწევს. მერე იმპორტირებული ხილი და ბოსტნეული შემოვა, რომლის ფასიც უფრო მაღალია ხოლმე“ – ამბობს გვინდაძე.

 

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი გიორგი ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აბობს, რომ სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ კილოგრამ ატამს ადგილზე 10 თეთრად ყიდდა.

 

„კახეთში მომხდარმა ქარიშხალმა და სეტყვამ ატმის ბაღები სხვა ბოსტნეულთან ერთად სულ გაანადგურა. ადრე თუ ვიხვეწებოდით, ახლა ხეზე სეტყვამ არც ატამი და არც ფოთოლი აღარ დატოვა“.

 

გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ კახეთში მომხდარი სტიქია ბაზარზე, ატმის გარდა,  სხვა ხილის გაძვირებასაც გამოიწვევს: „ვყიდდით ტყემალს, ვაშლს, სიმინდს, ლეღვს, პომიდორს. არაფერი აღარ შეგვრჩა .“

 

პროფესორი აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი  „ნეტგაზეთთან“ საუბარში  ამბობს, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგები ადგილობრივ ხილისა და ბოსტნეულის ბაზარზე უკვე აისახა.

„ კახეთის სტიქიის შედეგებს ქართველი მომხმარებელი სერიოზულად იგრძნობს. უკვე მეორე დღეა და  ატამი 1 ლარამდე, ხოლო  პომიდორი 1,50 ლარამდე გაძვირდა“.

 

კოღუაშვილის თქმით,  კახეთი დღეს არის მნიშვნელოვანი კუთხე სხვადასხვა პროდუქციის წარმოების კუთხით: „განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით. მთელი ქართული ბაზარი უჭირავს კახურ ატამს, ბადრიჯანს, ყურძენს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაისეტყვა ხორბლის წარმოების ზონა. რადგან თუ სეტყვა  მარცვლეულს ჩააწვენდა, მისი აღება კომბაინით შეუძლებელი იქნებოდა და სერიოზულ დანაკარგს ვნახავდით.“

 

კოღუაშვილი კახეთის სტიქიის შედეაგდ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის შემცირებას პროგნოზირებს:  

„ 2012 წელს კახეთის სტიქიის გამო  მშპ– ში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდება 5 პროცენტამდე. ეს საკმაოდ მძიმედ აისახება ქართველი მომხმარებლის ჯიბეზე.“

 

საქსტატის მონაცემების თანახმად,  2011 წელს  მშპ–ში სოფლის მეურნეობის წილი 9,3 პროცენტია. 2006 წელს ეს მაჩვენებელი 12,8 პროცენტი იყო.

სტატისტიკის თანახმად,კახეთში 2010 წელს ნათეს ფართობებს 87,4 ათასი ჰექტარი ეკავა.

 

ხორბლის და ქერის ნათესებით კახეთი  რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა.  ხორბლის ნათესი ფართი   29,4 ათასი ჰექტარია,  ქერი  8,5 ათას ჰექტარზეა დათესილი.  ლობიოს ნათესებს კახეთში 1,0 ათსი ჰექტარი  უკავია, სიმინდს –8,5 ათასი ჰექტარი.  ლობიოს ნათესი  ფართით კახეთი რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა, ხოლო სიმინდის ყანების ნათესი ფართით– მეხუთეზე. 

 

საქსტატის მონაცემების თანახმად, კახეთში ხილის წარმოება 10,6 ათსი ტონას შეადგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი