ახალი ამბები

რა პროექტებს სთავაზობს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი თბილისის მერიას

25 ოქტომბერი, 2016 • 2432
რა პროექტებს სთავაზობს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი თბილისის მერიას

ახალი წყალსადენის სისტემა, მტკვრის შენაკადი მდინარეების გახსნა და რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობა, სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის შეზღუდვა – იმ საკითხების ნაწილია, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმის პროექტშია ასახული.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრალურ და შუალედურ უბნებში უნდა დარჩეს სამშენებლო კოეფიციენტების შეზღუდვა.

ბოლქვაძის თქმით, თბილისში კოეფიციენტები დიდად აჭარბებს ევროპულ მაჩვენებლებს და იმას მაინც უნდა მიაღწიონ, რომ კოეფიციენტები აღარ უნდა გაიზარდოს.

თბილისის გენგეგმის მიხედვით, თბილისი უნდა გახდეს კომპაქტური ქალაქი, რაც გულისხმობს იმას, რომ გენგეგმა არ უნდა ახალისებდეს გარე განვითარებას, უნდა დადგინდეს განაშენიანების კონტურები.

“იმიტომ, რომ გარე განაშენიანება იწვევს ზედმეტ გადარბენებს, ზედმეტი მაგისტრალური ქსელების გაყვანას და ზედმეტ დანახარჯებს”, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ, რომელმაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი თბილისის საკრებულოს წევრებს დღეს, 25 ოქტომბერს, წარუდგინა.

მერაბ ბოლქვაძის თქმით, ასეთი განაშენიანების მაგალითია დიდი დიღმის დასავლეთის ფერდობები, რომელიც უკონტროლო მშენებლობების მოედნადაა ქცეული. ბოლქვაძის თქმით, ასეთ სუბურბანულ დასახლებებს არ აქვთ  სკოლები, ბაღები და სხვა დაწესებულებები, რაც იქ მცხოვრებლებს აიძულებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იარონ, რაც ქალაქს ტვირთავს.

თუმცა, ამის გარდა, გამოიკვეთა არაერთი ადგილი თბილისში, სადაც სკოლებისა და ბაღების მიუწვდომლობაა, ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ თბილისის გენგეგმამ არ უნდა შეიწიროს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, რომლებიც განსაკუთრებით მოემატა მიმდებარე სოფლებისა და ტერიტორიების შემოერთების შემდეგ. ბოლვაძის თქმით, გენგეგმამ არ უნდა აიძულოს ამ სოფლების მცხოვრებლები, რომ უარი თქვან ცხოვრების ყაიდის შეცვლაზე.

ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ლანდშაფტი თბილისის განაშენიანებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან მან განსაზღვრა თბილისის განაშენიანების კონტური. ამ კონტექსტში, ბოლქვაძის აზრით, მთაწმინდისა და სოლოლაკის ქედი უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის და შესაბამისად უნდა გაშენდეს ისეთი ობიექტები, რომლებიც ამ ზონისათვის არის დასაშვები.

რაც შეეხება კონკრეტულო პროექტებს, რომლებიც თბილისში უნდა განხორციელდეს, დეტალურად 2017 წლის აპრილისთვის იქნება მზად, როდესაც დასრულდება თბილისის გენგეგმაზე მუშაობა.

თუმცა, ამ ეტაპზე გენგეგმის ავტორებს მონახაზის სახით აქვთ სხვადასხვა პროექტი. მერაბ ბოლქვაძეს მიაჩნია, რომ მტკვრის ნაპირების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის.

საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მტკვრის სანაპირო რეკრეაციულ ფუნქციას იქამდე ვერ შეიძენს, სანამ მდინარე არ გაიწმინდება, რადგან მტკვართან ურთიერთობა კანალიზაციის ღია კოლექტორთან ურთიერთობას ნიშნავს.

მერაბ ბოლქვაძის თქმით, მცხეთას საერთოდ არ აქვს კანალიზაცია, ხოლო ფეკალური წყლები 16 ადგილას მტკვარში ჩაიდინება.

ისინი მხარს უჭერენ, რომ ელიავას ბაზრობის ადგილას უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის პარკი. მისი შეთავაზებაა, რომ ამ ადგილას იყოს, მაგალითად, ორი შენობა, რომელიც სავაჭრო-საგამოფენო სივრცის ფუნქციას შეიძენს.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისში პარალელური პროცესი მიმდინარეობს, რადგან, ერთი მხრივ, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი საუბრობს ელიავას ბაზრობის გადატანაზე, ხოლო თბილისის მერია – ბაზრობის გადახურვასა და კეთილმოწყობაზე.

ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისგან დამოუკიდებლად მერია თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი პარკის მოწყობას გეგმავს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელიც საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ გენგეგმა ასე დეტალურად არ ამუშავებს კონკრეტულ პროექტებს და თბილისის ზღვის მიმდებარედ პარკის მოწყობა გენგეგმას არ ეწინააღმდეგება.

თბილისის წყლის სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად გენგეგმა თბილისის მერიას სთავაზობს ახალი წყალსადენის გაყვანას, რომელიც ქალაქს წალკიდან მოამარაგებს, ხოლო თბილისის ზღვის წყალს ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.

გენგეგმის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ თბილისში არსებული ხევებისა და მდინარეების ნაწილი, რომელთა რაოდენობა სულ 50-ია და რომლებიც მიწის ქვეშაა მოქცეული, გაიხსნას და იქ რეკრეაციული ტერიტორიები მოეწყოს.

რაც შეეხება სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას, ამის დეტალური გეგმა საკრებულოს წევრებისთვის ბოლქვაძეს არ წარუდგენია, თუმცა აღნიშნა, რომ თბილისში უნდა განვითარდეს ტრამვაის ხაზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი