ახალი ამბები

საარჩევნო წელს გულის დაავადებათა მქონე პაციენტთა რიცხვი იზრდება

20 ივლისი, 2012 • 1199
საარჩევნო წელს გულის დაავადებათა მქონე პაციენტთა რიცხვი იზრდება

 

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ახალდაარსებულ აფხაზეთის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებულ ლ.ზ.-ს რამდენიმე წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს და მინიმუმ სამი გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. სწორედ ამის გამო, აქამდე მისი დავაადებების მკურნალობა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი წყალტუბოდან ბათუმში გადმოვიდა, დასახლებაში სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ აქ მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უმუშევრების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.

 

წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ უპრეცედენტო გამონაკლისი დაუშვა, მიზნობრივი პროგრამები ისეა შედგენილი, რომ მოქალაქე თითქმის ყველა ტიპის ოპერაციისთვის შეძლებს დაფინანსების ვაუჩერის მიღებას, მათ შორის ლ.ზ–ც, რადგან მის ოჯახს დევნილის სტატუსიც აქვს და სარეიტინგო ქულაც.  

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თემურ გაბაიძე ადასტურებს, რომ დევნილთა უბანი შეისწავლეს, შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე მიზნობრივ პროგრამებში ცვლილებები შეიტანეს და, ჯამში, პროგრამებს 150 000 ლარი დაამატეს, ანუ აჭარაში მცხოვრებ დევნილებს უკვე ერთი თვეა შეუძლიათ ისარგებლონ სამინისტროს 14 მოქმედი პროგრამით.

 

2012 წელს აჭარის ჯანდაცვის სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პროგრამების ბიუჯეტი გაორმაგებულია. წლის დასაწყისში თანხა თითქმის 4 მილიონი იყო, მაგრამ მაისის შემდეგ შეტანილი ცვლილებებით თანხა ხუთ მილიონამდე გაიზრდება. ამ დროისთვის 14 მიზნობრივი პროგრამის თანხა 4 მილიონ 737 ლარს შეადგენს, მაგრამ მომავალი კვირისთვის კვლავ მზადდება ცვლილება და ერთ-ერთი პროგრამა 300 ათასი ლარით გაიზრდება.

 

გაზეთმა „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის პროგრამების ერთგვარი მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო წლებში არჩევნებამდე ორი თვით ადრე სოციალური პროგრამებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაწერილი ბიუჯეტი თითქმის ამოწურულია, ამიტომ ბიუჯეტიდან და მათ შორის სარეზერვო ფონდიდანაც ხდება თანხის მობილიზება. არჩევნების დასრულების შემდეგ, მომდევნო წელს კი, მიზნობრივი პროგრამები წყდება. მაგალითად: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები 2007 წელს 2 მილიონ 579 ათას 475 ლარს შეადგენდა. 2008 წელს (საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წელი) მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტი თავდაპირველად შეადგენდა 1 მილიონ 677 ათას 346 ლარს, მაგრამ ცვლილების შემდეგ, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, 2008 წლის მიზნობრივი პროგრამების ღირებულება განისაზღვრა 3 მილიონ 514 ათას 978 ლარით.

 

მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტის გაზრდა სამინისტრომ ანგარიშში ასე განმარტა: ”მარტ, აპრილ, მაისის თვეებში მოსახლეობის მაღალი მომართვიანობის გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 270 000 ლარი, აღნიშნული თანხით სამედიცინო მომსახურება მიიღო 230-ზე მეტმა პაციენტმა.“ სწორედ ამ პერიოდში ლევან ვარშალომიძის ბრძანებით სარეზერვო ფონდიდან ასევე დაიფარა აჭარის რეგიონში არსებული სხვადასხვა ობიექტში კომპაქტურად ჩასახლებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების 46 533 ლარი და „ენერგო-პრო ჯორჯიას” წინაშე არსებული დავალიანება.

 

2009 წელს მიზნობრივი პროგრამების დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 2 მილიონ 324 ათას 266 ლარს, მაგრამ ეს თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად ვერ აითვისა და საბოლოო ჯამში 2009 წლის მიზნობრივი პროგრამების ღირებულება განისაზღვრა 1 838 366 ლარის ოდენობით. ანუ წინა წელთან შედარებით მილიონ შვიდასი ათასი ლარით ნაკლები დახარჯა.

 

2010 წელს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელი) მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტი იყო 2 მილიონ 122 ათას 300 ლარი, მაგრამ წლის დასასრულამდე პროგრამების ბიუჯეტი დაახლოებით ექვსასი ათასით გაიზარდა.

 

2011 წელს მიზნობრივი პროგრამებისათვის, ჯამში, 2 მილიონ 424 ათას 968 ლარი დაიხარჯა.

 

 

2012 წლის მიზნობრივ პროგრამებში უკვე შეტანილი ცვლილებები.

 

 

წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივ პროგრამებში ოთხი ისეთი პროგრამა გამოჩნდა, რაც ადრე ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუფინანსებია. მინისტრი თემურ გაბაიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს: „მინიშნებებს აკეთებენ, რომ ხომ არ გამოიყო ეს თანხები საარჩევნოდ, ხომ არ ვცდილობთ ამომრჩეველთა გულის მოგებას? რატომ არ გინდათ იფიქროთ, შეიძლება ამ მიმართულებებს, რაც ახლა გამოჩნდა სამინისტროს პროგრამებში, ადრე ვერ ხედავდნენ?! ჩვენ გავწერეთ ეს პროგრამები, წარვადგინეთ, დაგვიმტკიცეს და დავეხმარებით მოქალაქეებს, ჩვენ დავარიგეთ ფლაერებიც, ამიტომაც მოსახლეობის მომართვიანობა და ინფორმირებულობა გაიზარდა“ – განმარტავს მინისტრი.

 

ახალ პროგრამებს შორისაა ”ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი”, პროგრამა 480 ათასი ლარით დაფინანსდა. უკვე მზადდება ცვლილება, რომლის თანახმადაც ეს ციფრი ივლისში გაიზრდება, რადგან მოთხოვნა ამ პროგრამით სარგებლობაზე გაიზარდა.

 

„გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტი” 900 ათასი ლარით გაიზარდა. ამ პროგრამის ფარგლებში გამოჩნდა ცხვირის ძგიდის ხრტილოვანი ნაწილის გამრუდების ოპერაციებიც. პროგრამა გათვალისწინებულია 35 პაციენტზე. ცხვირის ძგიდის ოპერაცაი 8 მოქალაქეს 2008 წელსაც დაუფინანსეს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე. მაშინ ოპერაციები კუზანოვის კლინიკაში ჩატარდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივ პროგრამებს შორის ”გულის ქირურგიის სამედიცინო მომსახურების კომპონენტი“ ყველაზე მაღალბიუჯეტიანია. წელს ამ კონკრეტული პროგრამისთვის გასულ რვა წელთან შედარებით ყველაზე მეტი თანხა – 900 000 ლარი გამოიყო, მაგრამ სამინისტრომ მხოლოდ წელს, მაისის თვეში მიიჩნია, რომ მოქალაქეებს თანადაფინანსების გადახდაც უჭირდათ, ამიტომ მთავრობის ფინანსური წილი კიდევ უფრო გაიზარდა და პროგრამის ბიუჯეტმა უკვე შეადგინა 1 მილიონ ოთხასი ათასი ლარი.

 

მაგალითისთვის: 2008 საარჩევნო წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის 700 000 ლარი გამოიყო და სრულად იქნა ათვისებული. 2009 წელს, უკვე არასაარჩევნო წელს, ამ პროგრამისთვის 650 ათასი ლარი გამოიყო, მაგრამ შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ: „კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსების მიზნით მოსახლეობის მომართვიანობა შემცირდა, რის გამოც კომპონენტის ბიუჯეტი დაექვემდებარა 120 000 ლარით შემცირებას.” რჩება შთაბეჭდილება, რომ არასაარჩევნო წლებში გულის დაავადების მქონე პაციენტთა რიცხვი იკლებს.

 

სამინისტროში ამბობენ, რომ წელს მოსახლეობის მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ”მოსახლეობისათვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების კომპონენტისთვის” 300 ათასი ლარი იყო განკუთვნილი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ”ბათუმელებს” ოფიციალური წერილით ატყობინებს, რომ პროგრამას დაემატა კიდევ 200 ათასი ლარი, რადგანაც მაღალი მომართვიანობის გამო კომპონენტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული თანხა უკვე გახარჯულია. ეს პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს. 2010 წელს პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დახმარება გაეწია მთელი წლის განმავლობაში 215 პაციენტს, 2011 წელს – 231-ს, 2012 წლის 8 ივნისის მდგომარეობით კი უკვე გაცემულია 212 ვაუჩერი და შესაბამისად თანხაც ამოწურულია.

 

”ტენდენცია, რომ საარჩევნო წლებში სოციალური პროგრამები შედარებით მატულობს, ნამდვილად არსებობს. ბიუჯეტის ასეთი დაგეგმვა ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე მიუთითებს, რაც აფერმკრთალებს ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური პროგრამები არ უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა საარჩევნო წლებში ასეთი პროექტების გააქტიურება არა არის მისაღები ტენდენცია და ხელისუფლება არ უნდა იყოს საარჩევნოდ მოტივირებული.” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი ირინა ურუშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი