ახალი ამბები

კახეთი სტიქიის შემდეგ

19 ივლისი, 2012 • 2636
კახეთი სტიქიის შემდეგ

სტიქია კახეთში 19 ივლისის ღამეს ძლიერი ქარიშხლით დაიწყო. ქარიშხალს წვიმა და სეტყვა მოჰყვა.  ყველაზე მეტად თელავის და  გურჯაანის რაიონის სოფლების მოსახლეობა დაზარალდა.

დილით თელავში შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან სტიქიის გამო მოგლეჯილმა ხეებმა ავტომაგისტრალი და ქალაქის ქუჩებიც გადაკეტა.   გზის გაწმენდა დილითვე მოხერხდა.   სტიქიის ზონიდან ტრანსპორტით სრულფასოვანი გადაადგილება მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა შესაძლებელი. პირველი სამარშრუტო ტაქსი თბილისიდან თელავის მიმართულებით 12 საათზე გავიდა.   

    
ქარიშხალმა თელავში სახლების სახურავები დააზიანა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქის მიმდებარე სოფლებში გაანადგურა სიმინდის ყანები, ვენახები და ბოსტნები. სრულად არის განადგურებული ხილის და ბოსტნეულის მოსავალი.

დაზიანებულია თელავის ცენტრალური ქუჩები, ჩამსხვრეულია მაღაზიების ვიტრინები და  საცხოვრებელი სახლების ფანჯრების მინები. დაზიანებულია სახლების სახურავები, სადაც სტიქიის განმეორების შემთხვევაში წვიმის ჩასვლის საფრთხე არსებობს.

ამ დროისათვის თელავს და მის მიმდებარე სოფლებს არ მიეწოდება ელექტრონერგია, გაზი და სასმელი წყალი. ქალაქში არ ცხვება პური. ქალაქში მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, საპატრულო პოლიცია და სრული დატვირთვით ფუნქციონირებს საავადმყოფო.  

თელავში სპეცტექნიკაა მობილიზიბული, ქალაქის ქუჩებს ნანგრევებისაგან და სტიქიის შედეგად ჩამოტანილი შლამისგან და ქვებისგან  თავდაცვის და შინაგან სამინიტროს განყოფილებების თანამშრომლები  ასუფთავებდნენ.  

მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში კახეთის გუბერნატორის  სამხარეო ადმინისტრაციაში მიდიოდა და ცხელი ხაზის ოპერატორებს დახმარებისათვის მიმართავდა.

ოპეარტორების განმარტებით, მათ დღის განმავლობაში დაახლოებით 1000 –მა დაზარალებულმა მიმართა. კახეთის გუბერნატორის  სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში არ ჰქონდათ ინფორმაცია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის  შესახებ.    

წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის რაიონში  100 პროცენტით დაისეტყვა სოფლები – ვაჩნაძიანი, კალაური, ვაზისუბანი, ველისციხე.

გურჯაანში  დაახლოებით 2 800 ჰექტარზე  80-100 პროცენტით დაისეტყვა სახნავ-სათესი სავრგულები. თელავში 6 250 ჰექტარი განადგურდა და მას ყველაზე მეტი ზარალი მიადგა.

ყვარელში დაისეტყვა 2 028 ჰექტარი, ლაგოდეხში – 580 ჰექტარი.

თელავში და გურჯაანის სოფლებში მოსახლეობა სტიქიის განმეორებას შიშით ელოდება. მოსახლეობა იძულებულია, ღამე ისევ სტიქიისაგან დაზიანებულ სახლებში გაათენოს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ საკუთარი მონაცემები სოფლის გამგეობებში და გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციაში დატოვეს. თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.  

მოსახლეობა სოფლებში  მთელი დღის განმავლობაში სტიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა – წყლისგან და სეტყვისგან წმენდდა  სარდაფებს, ეზოში გამოჰქონდა დაზიანებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

თელავში სახლებზე ტენტის გადაფარება მხოლოდ იმ დაზარალებულებმა შეძლეს, ვისაც სათანადო ფინანსური რესურსი ჰქონდა. დანარჩენი მოსახლეობა კი სტიქიის განმეორებას შიშით ელოდება.    

19 ივლისს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომის ჩასატარებლად თელავში 12:00 საათზე შეიკრიბა. ძირითადი განსახილველი საკითხი სტიქიისგან მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე მსჯელობა იყო.

სტიქიით დაზარალებურ რეგიონში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის მოსახლეობას შეხვდა და სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჩავიდა და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან თათბირი გამართა. პრემიერის განცხადებით, დაზიანებული სახლების სახურავებისა და გზების აღდგენა ერთ კვირაში მოხდება.

“ახლა ყველაზე მთავარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მივხედოთ და გადავარჩინოთ, რათა მომავალ წელს რაღაც მოსავალი მივიღოთ; ამიტომ მხნედ უნდა ვიყოთ”, – მიმართა მერაბიშვილმა ადგილობრივებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კახეთში აღდგენით სამუშაოებს ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი თელავში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (გლუკი) წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 300 ადამიანს პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყოფს.  

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას
სამზარეულოს ნაკრებებს, წყლის ჭურჭელს (10  ლიტრის ტევადობის), გასაშლელ საწოლებს, ლეიბებს, საბნებსა და ბალიშებს, ლოგინის თეთრეულის ნაკრებს და კარვებს დაურიგებს (1 კარავი შეიფარებს 10 ადამიანს).

“გლუკი იმედოვნებს, რომ ეს  ოჯახები შეძლებისდაგვარად სწრაფად შეძლებენ დანაკარგის აღდგენას”,– განაცხადა გლუკის წარმომადგენელმა საქართველოში სიმონე ვოლკენმა.

სტიქია კახეთის რეგიონის პარალელურად მძვინვარებდა დუშეთში. დაისეტყვა ბულაჩაური, სავარგულები თიანეთში. ერწოს ქვედა ზონაში, სოფელი ზემო სიმონიანთხევი.ყაზბეგში მოვარდა ღვარცოფი და პრობლემები შეიქმნა სამცხე-ჯავახეთში.

 

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.  
ევრაზიის ფონდი
ევრაზიის ფონდი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი