ახალი ამბები

კრწანისის ბაზაზე მოკლულის მამა ამბობს, რომ მისი შვილის თანმხლებ ორ პირს წუხელ შეხვდა

25 ოქტომბერი, 2016 • 2082
კრწანისის ბაზაზე მოკლულის მამა ამბობს, რომ მისი შვილის თანმხლებ ორ პირს წუხელ შეხვდა

კრწანისის [სამხედრო] საწრთვნელ ცენტრში მოკლული ახალგაზრდის მამა რომან შენგელია აცხადებს, რომ წუხელ იმ ორ პირს შეხვდა, რომლებიც მის შვილს ბაზის ტერიტორიაზე თან ახლდნენ. როგორც რომან შენგელიამ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, ზემოხსენებულ პირებს ზუგდიდში პირადად შეხვდა და მომხდარის დეტალების შესახებ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ესაუბრა:

“[მომხდარის] დეტალებს ზუსტად [ვერ გეტყვით] და 100%-იანი არ ვიცი, მაგრამ მე ველაპარაკე იმ ბიჭებს, ვინც  გიგასთან ერთად იყვნენ და ასეთი რაღაც თქვეს… კი, ესენი [სამნი] შესულები იყვნენ ბაზაში, თუმცა იარაღი არ ჰქონიათ. იქ მივიდნენ მეგობრის [ვინც იქ მსახურობს] სანახავად, შეეფეთათ ეს ბადრაგი, რომელმაც ერთი გასროლა ჰაერში განახორციელა.  ორი ერთ მხარეს გაიქცა და ჩემი ბიჭი- სხვა  მხარეს. ჩემი ბიჭი გადაახტა აკრძალვის ნიშანს  და 20 მეტრის მანძილზე განხორციელდა ორი გასროლა… ორიდან ერთი მოხვდა მას, ოღონდ ტერიტორიის გარეთ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ: 03:30-დან 8 საათამდე 20 მეტრში  გვამი ვერ აღმოაჩინეს? ჩემი აზრით, მათ უცებ აღმოაჩინეს გვამი, მაგრამ იქ  მიდიოდა მონტაჟი, როგორ და რა უნდა ეთქვათ, რადგან გარდაცვლილი გარეთ არის, ამაზეა აქ ლაპარაკი”, – ამბობს რომან შენგელია ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, ზემოხსენებულმა ორმა პირმა მას უთხრა, რომ გუშაგი მხოლოდ გიგა შენგელიას მიმართულებით ისროდა:

“იმ ორისთვის არ უსვრია, ამაზე ჰქონდა ყურადღება, რადგან გიგას უთქვამს, ბიჭო, ქართველები ვართ ჩვენც და ნუ გვესვრითო. ამაზე ჰქონდა გამახვილებული ყურადღება. ერთი ზემოთ რომ გაისროლა, გიგა მობრუნადა და გადაახტა ღობეს. ამის შემდეგ ორი დაახალა და ერთი მოხვდა. ის ორნი [ჩემს შვილს] ვერ შველოდნენ, ისინი სხვა მხარეს იყვნენ”, – ამბობს შენგელია და ზემოხსენებული ორი პირის ვინაობას არ ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი თბილისში ცხოვრობს, ხოლო მეორე – ზუგდიდში.

“მე მანამდე არ ვიცნობდი მაგათ, მე თუ შევძელი მათთან შეხვედრა, თავდაცვის სამინისტროს და მთავრობას ნუთუ არ აქვს [შესაძლებლობა], რომ ეს ბავშვები დაკითხონ ?!  მაგრამ მათი დაკითხვა არ აწყობთ, რადგან თუ სხვას იტყვიან რაღაცას, იმასაც იტყვიან, რომ [ბაზის] გარეთ იყო გასროლა და გარეთ მოკლეს ჩემი ბავშვი”.

რაც შეეხება იმას, თუ რა საქმეზე მიდიოდნენ ზემოხსენებული 3 პირი სამხედრო ბაზაზე, შენგელია ამბობს, რომ მეგობრის სანახავად. რაც შეეხება იმას, თუ რაზე უნდა ესაუბრათ მეგობართან ღამის საათებში, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. შენგელიას თქმით, ის მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ელაპარაკა მისი შვილის თანმხლებ პირებს.

“[მათ მითხრეს, რომ] ჩვენი იქ გადასვა და გადმოსვლა არც პირველი ყოფილა, არც მეორე და არც მესამეო… იქ  გადადიან და გადმოდიან. კამერები არ მუშაობს თურმე, როგორც თვითონ ამბობენ… ნატოს ბაზაა, 5000 კაცი მსახურობს შიგნით და ღობეზე კამერები არ აქვთ? თურმე მათი მეგობარი უნდა ყოფილიყო იმ საგუშაგოზე, ვისთანაც უნდა ელაპარაკთ ამათ, მაგრამ იქ დახვდათ სხვა, რომელმაც გაისროლა…

თქვენ ვერ დაელაპარაკებით [ზემოხსენებულ ორი პირს] იმიტომ, რომ დევნიან მათ და ძებნა აქვთ გამოცხადებული… შეიძლება აფხაზეთში არიან გადასული. ის ბიჭები მე სულ 10 წუთით ვნახე,  რადგან მაინტერესებდ, რა მოხდა სინმადვილეში. სპეციალურად ჩამოვაყვანინე და პირადად დაველაპარაკე”.

კითხვას, აფხაზეთში მათი გადასვლის შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, თუ ეს მისი ვარაუდია, რომან შენგელია პასუხობს:

“მე როგორც მითხრეს, მათ უკვე იციან სიტუაცაა, იციან, ძებნაზე არიან და რომელი კაცი გაჩერდება. რა თქმა უნდა, წავლენ ან იქით, ან აქეთ. შეიძლება საქართველოში არიან”.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ბაზაზე მყოფი სამი პირიდან ერთი გარდაცვლილი გიგა შენგელიას ძმა, გიორგი შენგელია იყო, რომელიც მანამდე სწორედ ზემოხსენებულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.  მისი მამა რომან შენგელია ამ ცნობას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, სადაა ახლა მისი მეორე შვილი, რომელსაც საგამოძიებო ორგანოები “გამოკითხვის მიზნით” ეძებენ. რომან შენგელია ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა ამოიღოს ვიდეოფირები, რომლებიც მისი აზრით, ბაზის ტერიტორიაზე არსებულ კამერებს უნდა გადაეღო და მომხდარი ობიექტურად გამოიძიონ. შენგელიას თქმით, თუ მომხდარს ობიექტურად არ გამოიძიებენ ან მის მეორე შვილს დააპატიმრებენ, ის გარდაცვლილს არ დამარხავს და ცხედარს ქალაქის ცენტრში დაასვენებს. “ჩემი შვილი [გიგა შენგელია ] შიგნით იყო, ამას არ უარვყოფ, მაგრამ გარდაცვლილი არის გარეთ”.

რომან შენგელია ამბობს, რომ მისი შვილები ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ წამოვიდნენ და თბილისში ნათესავებთან გაჩერდნენ:

“ჩემი ბიჭებმა  დამირეკეს, ფული უნდოდათ, გოგოსთან შესახვედრად მივდივარო, გიგამ მითხრა, რომელიც გარდაცვლილია, და ერთი 3 დღით დავრჩებითო. კარგი-მეთქი, მოვიდნენ და ფული მივეცი…”.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

“გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კრწანისის სასწავლო ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას ცხედრის დაგვიანებული პოვნა ცუდ ხილვადობას უკავშირდება, რადგან შემთხვევა 03:30 საათზე მოხდა:

“რაც შეეხება უშუალოდ ცხედრის აღმოჩენას, მოგეხსენებათ, რომ ეს ფაქტი მოხდა 03:30 საათზე, როდესაც ხილვადობა ჭირს. შესაბამისად, ცხედრის იმწუთიერი აღმოჩენა, მით უფრო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შეუძლებელი იქნებოდა და როდესაც ხილვადობა იყო უკვე 100 %-იანი, მაშინ მოხდა უკვე 100 მეტრის რადიუსში მისი აღმოჩენაც”,- განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია”იმედთან” საუბრისას.

თავდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ბაზაზე სამხედრო პოლიცია მუდმივად იმყოფება და  გუშაგის გამოკითხვა მაშინვე დაიწყო:

“გამოცხადდა გარკვეული ოპერატიული დანაყოფი, რომელმაც, რასაკვირველია, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო, რომელიც გარკვეულ გონივრულ ვადებთანაა დაკავშირებული”,- ამბობს იზორია.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი