ახალი ამბები

112-ის ალტერნატიული ცენტრი რუსთავში იმუშავებს

25 ოქტომბერი, 2016 • 3282
112-ის ალტერნატიული ცენტრი რუსთავში იმუშავებს

დღეს, 25 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი (112) გახსნეს.  

როგორც შს მინისტრი აცხადებს, ცენტრის გახსნის მიზანი “თბილისის 112-ის განტვირთვა და მისი დაზღვევაა”. მისივე თქმით, ორივე ცენტრი ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და ზარებს მთელი საქართველოდან მიიღებს 24 საათის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მოქალაქის ზარი 112-ში შედის, დამუშავებული ინფორმაცია გადაეცემა პოლიციას, სახანძრო/სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.

“იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევაზე სახელმწიფოს რეაგირების სტანდარტი იყოს უფრო მაღალი, დღეს უკვე რუსთავში, ამ ახალ შენობაში, მუშაობას იწყებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი. ეს ნიშნავს, რომ შსს და 112 კიდევ უფრო ძლიერდება”, – განაცხადა მინისტრმა მღებრიშვილმა 112-ის ახალი ცენტრის გახსნისას.

ძალიან მნიშნველოვანი უწოდა 112-ის ახალი ცენტრის გახსნას პრემიერმა გიორგი კვირიკაშილმაც: “დარწმუნებული ვარ, ორივე ცენტრის პარალელური გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

112-ის ახალ შენობაში ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრიც, რომელიც 112-ის თანამშრომლებს გადაამზადებს. როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, გახდნენ 112-ის გუნდის წევრები, შეძლებენ “ამ სპეციფიკური განათლების” რუსთავის ცენტრში მიღებას.

112-ის ახალი ცენტრის შენობა რუსთავში 25 ოქტომბერს გაიხსნა. 25.10.2016. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

112-ის ახალი ცენტრის შენობა რუსთავში 25 ოქტომბერს გაიხსნა. 25.10.2016. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი