ახალი ამბები

ომბუდსმენი კრწანისში მკვლელობის გამოძიებაზე: ამ ეტაპზე რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება

25 ოქტომბერი, 2016 • 1435
ომბუდსმენი კრწანისში მკვლელობის გამოძიებაზე: ამ ეტაპზე რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გარემოებების შესწავლა ომბუდსმენმა უკვე დაიწყო. ნანუაშვილის თქმით, შეისწავლიან საქმის მასალებს და თვალს მიადევნებენ გამოძიების მიმდინარეობას.

ეს განცხადება ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიშის- “დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის შესახებ”- პრეზენტაციის დაწყებამდე სასტუმრო ბილტმორში გააკეთა.

“ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის, იმ პირს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას.

ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, მე ვერ ვფიქრობ, რომ რაიმე გამოკვეთილია. გამოძიება მიმდნარეობს, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ამ ეტაპზე რაიმე კითხვის ნიშნები არ მიჩნდება. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება გარკვეული საკითხი მართლაც იყო პრობლემური. ის, რომ ის ადამიანები იყვნენ გადასული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ, შესაბამისად, იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლით,”-განაცხადა ომბუდსმენმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების ცნობით, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრები გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ ალტერნატიულ ექსპერტიზას და საქმის სამართლიანად გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი