ახალი ამბები

პოლიტიკოსები, რომლებიც “ქართული ოცნების” მაჟორიტართა სიაში არ მოხვდნენ

19 ივლისი, 2012 • 1143
პოლიტიკოსები,  რომლებიც “ქართული ოცნების” მაჟორიტართა სიაში არ მოხვდნენ

დავით ბერძენიშვილი, რეზო შავიშვილი, გია ცაგარეიშვილი, სოზარ სუბარი, გოგი თოფაძე, მაია ფანჯიკიძე, დავით საგანელიძე და კობა დავითაშვილი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მაჟორიტართა სიაში არ მოხვდნენ, რადგან საერთო საქმეს უნდა ემსახურონ და თავიანთი გამოცდილებით საერთო საქმეში შეიტანონ წვლილი.

დავით საგანელიძე ამ გადაწყვეტილებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის:

“გადაწყდა, რომ ჩემი გამოცდილება გაენაწილებინათ არა მხოლოდ ერთ ოლქზე, რომელიც იქნებოდა ალბათ ვაკე, არამედ მთელ საარჩევნო შტაბზე, ვინაიდან ეს უფრო მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას. არ აქვს მნიშვნელობა, რა მერქმევა შტაბში, მთავარია მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო საერთო საქმეს. გული მწყდება, ვიცი, რომ მაჟორიტარობა უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის, რადგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს და ასევე ვიცი, როგორ უნდა ვაკეთო წინასაარჩევნო საქმე”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიაში გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება:

“რესპუბლიკელების სკამი არის ძალიან გრძელი, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ყველა მათგანი, ბუნებრივია, ვერ მოხვდებოდა სიაში, რესპუბლიკური პარტიის შიგნით მოლაპარაკებების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე ერთმანეთს. რაც შეეხება თინას წარდგენას საგარეჯოში, თინას დედა საგარეჯოდან არის, ჩვენი შვილებიც ამ მომენტში საგარეჯოში ისვენებენ. საგარეჯო ერთ–ერთი ყველაზე რთული ოლქია, ამიტომ უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილების მქონე კანდიდატები ასეთ ოლქებში გადავანაწილეთ. თინა ყოველთვის იყო საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი, მაგრამ ყველაფერი იცვლება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი