პანსიონატის ოთახიდან ოთახში – ცირა გვასალიას ფილმი ხანდაზმულთა ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “CineDOC თბილისი” უკვე მეოთხე წელია საკონკურსო კინოსექცია “ფოკუს კავკასუსის” ფარგლებში მაყურებელს კავკასიის რეგიონში შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებს და ფესტივალის დასასრულს საუკეთესო ფილმს აჯილდოებს.

სექციაში წელს ცირა გვასალიას ახალი ფილმი “ოთახებიც” წარმოადგინეს. რეჟისორმა ფილმი დამოუკიდებლად გადაიღო და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშევარია. გადაღებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც 100-მდე მოხუცი ცხოვრობს, 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფილმი გვიამბობს მოხუცების ცხოვრების შესახებ – რეჟისორისათვის მნიშვნელოვანია არა ის, როგორ მოხვდნენ მოხუცები პანსიონატში, საცხოვრებელში, რომელიც საქართველოში საკმაოდ სტიგმატიზებულია და საზოგადოებისაგან გარიყვასა და მარტოობასთან ასოცირდება, არამედ როგორია მათი ყოველდღიური ყოფა ამ კედლებში; როგორ ზრუნავენ ისინი ერთმანეთზე და რის გაკეთებას ჩქარობენ ყველაზე მეტად.

ფილმის პირველ ნაწილში ვხვდებით მოხუცებს, რომლებიც რემონტის გამო დროებით პანსიონატის საკონცერტო დარბაზში გადადიან საცხოვრებლად. 90 წლის შოთა თავის ცოლთან, რიმასთან ერთად ცხოვრობს თავშესაფარში და დარბაზში გადასვლა არ უნდა, რადგან დარბაზს ვერ ჩაკეტავს და სხვებთან მოუწევს სივრცის გაყოფა.

“ისინი იცავენ იმ ოთახებს, რომლებშიც ცხოვრობენ, რადგან მათ ერთხელ უკვე დაკარგეს სახლები და ყველაფერი, რაც კი გააჩნიათ, ახლა ამ პატარა ოთახებშია – ოთახები გახდა მათი იდენტობის ნაწილი. ოთახებიდან გამოსვლა და გადაადგილება მათთვის სტრესული აღმოჩნდა. ყველა მათგანს გაუჩნდა ერთგვარი დაუცველობის განცდა,” – ამბობს ცირა გვასალია.

76 წლის ვიოლას კი ცხოვრების მოტივაციას ახლახან ნაპოვნი სიყვარული უნარჩუნებს. მისთვის სიყვარული და მოხუცებულობა ავადმყოფობებია, თუმცა ერთმანეთისაგან განსახვავებული დასასრულით.

ყოფილი მოკრივე, 84 წლის უშანგი სიცოცხლის გახანგრძლივების იმედით ყოველდღე ვარჯიშობს.

განსაკუთრებით საინტერესო კი 69 წლის პავლეს ამბავია, რომელიც ზამთრის ტანსაცმელს ქსოვს, რათა თავისი ავადმყოფი დის დასახმარებლად ფული შეაგროვოს. მოგვიანებით, ავტოავარიის გამო პავლე საავამდყოფოში ხვდება და მის ოთახში პირველად შედიან პანსიონატის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მოსაძებნად.

“ფილმის არც ერთ გმირთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, თუმცა განსაკუთრებით იდუმალი იყო პავლე – ყველაზე ჩუმი. ოთახში ზღურბლის იქით არავის უშვებდა და უცებ, ავარიის შემდეგ მთელი პანსიონატი შეიჭრა მის სივრცეში და დაიწყეს მისი ნივთების შემოწმება; როდესაც შევედი ამ პროცესის გადასაღებად, თავი ცუდად ვიგრძენი. ვიციდი, რომ ვაკეთებდი იმას, რაც მას ძალიან არ მოეწონებოდა,” – ამბობს ცირა.

“ოთახები” რეჟისორმა თავის მშობლებს მიუძღვნა, რომელთა ნახვასაც ხშირად ვეღარ ახერხებს:

“ხანდაზმულთა ცხოვრება ყოველთვის მაინტერესებდა. 15 წელია მშობლებისაგან მოშორებით ვცხოვრობ და რაც ასაკში შედიან, მე უფრო მეტად მიჩნდება გრძნობა, რომ მათზე სათანადოდ ვეღარ ვზრუნავ. მაგრამ ვერაფერს ვცვლი. მათ ჩემთან ცხოვრება არ უნდათ და მე სოფელში ვერ მივდივარ.”

ფილმის დასარულს შოთა ეკლესიის მაკეტის მშენებლობას იწყებს პანსიონატის ეზოში. როგორც ცირა ამბობს, სწორედ ამ ფორმით უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს ადამიანები გაცილებით აქტიურები არიან და უფრო მეტის შექმნის სურვილი უჩნდებათ, ვიდრე ახალგაზრდებს, რადგან მათ უკვე დანამდვილებით იციან, ბევრი დრო აღარ დარჩენიათ.

ფილმის გმირები რიმა და უშანგი საკონცერტო დარბაზში გადასვლის შემდეგ. ფოტო: ცირა გვასალია

ფილმის გმირები რიმა და შოთა საკონცერტო დარბაზში გადასვლის შემდეგ. ფოტო: ცირა გვასალია

თბილისური პრემიერის შემდეგ ცირა გვასალია გეგმავს, რომ ფილმი სხვადასხვა ფესტივალზე წარადგინოს. ასევე, ახლო მომავალში არ გამორიცხავს, რომ ახალ ფილმზეც დაიწყოს მუშაობა.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “CineDOC თბილისი” კი 25 ოქტომბერს დაიხურება. დახურვის ცერემონიაზე საკონკურსო სექციების გამარჯვებულ ფილმებს დააჯილდოებენ.

ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის დასრულების შემდეგ გაიმართება CinéDOC ტური და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ ნახონ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი