ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გასროლიდან რამდენ ხანში აღმოაჩინეს გიგა შენგელიას ცხედარი

24 ოქტომბერი, 2016 • 2011
თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გასროლიდან რამდენ ხანში აღმოაჩინეს გიგა შენგელიას ცხედარი

თავდაცვის სამინსიტროში არ ამბობენ, ზუსტად რა დროს აღმოაჩინეს გიგა შენგელიას ცხედარი კრწანისის სამხედრო-სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, კრწანისის ტერიტორიაზე გუშაგმა უცხო პირები შენიშნა.  უწყების განცხადებით, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესედა,  რომელ საათზე გამოიძახეს სამხედრო პოლიცია, რომელ საათზე აღმოჩინა პოლიციამ გიგა შენგელიას ცხედარი და თუ ხორციელდებოდა ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები სამხედრო პოლიციის მოსვლამდე.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამ კითხვებს დეტალურად არ პასუხობს  და ამბობს, რომ სამხედრო პოლიცია დაუყოვნებლივ გამოიძახეს:
“სამხედრო პოლიცია დაუყოვნებლივ გამოიძახეს, ფაქტის მოხდენიდან დაუყოვნებლივ გამოიძახეს. გვამი დათვალიერებისას აღმოაჩინეს. წუთებს ვერ გეტყვით, არ ვიცი. როგორც კი გამოიძახეს, მაშინ აღმოაჩინეს გვამი. ასი მეტრის რადიუსში ხდება მოქმედება. პოლიცია გამოიძახეს და დაუყოვნებლივ მივიდა პოლიცია. პოლიციის მისვლამდე ვის უნდა განეხორციელებინა ძებნა? კრწანისზეა საუბარი, მომენტალური რეაგირება ხდება,” – ამბობს თამარ გორთამაშვილი.
გიგა შენგელიას მამა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი შვილი სისხლისგან დაიცალა:
“სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს, სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლიდან რომ დაიცალა ბიჭი და მერე ნახეს. მანამდე სად იყვნენ? ხომ ატყდა სროლა, განგაში ხომ უნდა ყოფილიყო ნაწილში? თუ შემოგივარდა ვიღაც, ხომ უნდა მოძებნო? უკან, წელის არეში მოხვდა ტყვია. გაქცევაზეა კაცი და ტყვიას რომ ესვრი, რა ჯიშის უნდა იყო? მირბის, წინააღმდეგობას კი არ გიწევს,”- განაცხადა რომან შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

“რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.”

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი