ახალი ამბები

არ ვიცი, თუ მეშინია?

18 ივლისი, 2012 • • 1171
არ ვიცი, თუ მეშინია?

კვლევა, რომელიც NDI -მ ჩაატარა,  16 ივლისს გამოქვეყნდა  და ისევე როგორც მანამდე გამოქვეყნებული კვლევები, ესეც დისკუსიის საგანი გახდა.

რას ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში მაღალი პროცენტი პასუხზე –“არ ვიცი” და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ  გამოკითხვის დროს ადამიანებს ეშინიათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის?

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) ზემოთ ნახსენებ კვლევაში გამოკითხულთა  25%–მა კითხვაზე – “ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად”, ასევე უპირატესობა პასუხს “არ ვიცი” მიანიჭა.    

პასუხი “არ ვიცი”  პროცენტულად მაღალია ივნისის თვის სხვა კვლევაშიც, რომელიც საზოგადოების განწყობა იკვლევდა საქართველოში.   

კვლევის კითხვას: თქვენი აზრით, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები? – გამოკითხულთა უმრავლესობამ, 42% – მა უპასუხა : “მეტნაკლებად კარგად”, ხოლო  23 % – მა უპასუხა: “არ ვიცი”.   

განსაკუთრებით თვალშისაცემია პასუხი – “არ ვიცი” – იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც “კოალიცია ქართული ოცნების”  ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

“ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას” – გამოკითხილთა 71% აცხადებს, რომ არ ეთანხება, ამავე კითხვაში სიმრავლით მეორე პასუხია  “არ ვიცი”, რომელმაც 17% დააგროვა.  “უნდა შეიტანოს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადი ორმაგ მოქალაქეობაზე” – უმრავლესობამ , 42% ასევე დააფიქსირა  პასუხი “არ ვიცი”.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაც აჩვენებს, რომ მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური არჩევენის გამხელა არ სურს. კვლევა 21 ნოემბერიდან  19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა.

Loves me, loves me not
Loves me, loves me not

კითხვაზე: “ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს,  რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას”  – რესპონდენტთა უმრავლესობამ,  თითქმის ნახევარზე მეტმა არ დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსი.  კვლევის მიხედვით:  “არ მსურს პასუხის გაცემა” და “არც ერთი” – საერთო ჯამში გამოკითხულთა 30.6 %–მა დაასახელა.  კვლევაში ნათქვამია, რომ რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა, გამოკითხულთა მესამედზე მეტმა, უარი თქვა პოლიტიკური სიმპათიების გამჟღავნებაზე, ასევე გამოკითხულთა მეორე ნაწილმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.  

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ეს ჯგუფი გამოკითხულთა ნახევარზე მეტს წარმოადგენს.  

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, NDI –ის კვლევაში პასუხები– “არ ვიცი”  და “უარი პასუხზე”  – იმიტომ დაფიქსირდა, რომ მოსახლეობას ეშინია საკუთარი პიზიციების საჯაროდ გამხელა.

“კვლევაში დაფიქსირებული პაუხი –”პასუხი არ არის”, ყველაზე მეტად აჩენს იმას, რომ რესპონდენტები არ არინ  ღია და არ თანამშრომლობენ ინტერვიუერებთან. “არ ვიცი”  არ არის პასუხი, უბრალოდ ეს ადამაინები არ ასაჯაროებენ თავიან მოსაზრებას.  ეს ადამიანები უფრთხიან, ეშინიათ, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია, რადგან ეშინიათ, რომ  ამის გამო უსიამოვნებები შეხვდებათ,” – ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კაჭაჭიშვილის განმარტებითვე, ადამიანები, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ, ოპოზიციური განწყობით გამოირჩევიან.

“რაც შეეხება პასუხს – “არ ვიცი”,  ასევე ობიექტურადაც შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია საკუთარ არჩევანთან დაკავშირებთ, თუ ვის დაუჭერენ მხარს.   ისინი აკვირდებიან პროცესებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ მერე. თუმცა,  კვლევების მიხედვით, ასეთი ადამიანების რაოდენობა – 22% საკმაოდ მაღალია. ეს იგი აქაც მონაწილეობს შიშის ფაქტორი და ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები ცდილობენ თავი აარიდონ პასუხს”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაშიშვილი მოსაზრებას იზიარებს ფსიქოლოგი და მკვლევარი ეკა ფირცხალავაც. მისი თქმით, მოახლეობის რაოდენობა, რომლებსაც არ სურთ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება,  საკმაოდ გაზრდილია არა მხოლოდ NDI – ის ჩატარებულ,  არამედ ყველა კვლევაში, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულა საქართველოში.

“მიუხედავად ანონიმურობისა, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ადვილად იჯერებს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლევბელია მოხდეს მისი იდენტიფიკაცია.  განწყობა, რომ მას  მიაგნებენ და არ იქნება მისი  ანონიმურობა დაცული. ეს შიშის ფაქტორია, რომელიც რეგიონებში უფრო მაღალია” – განმარტავს ეკა ფირცხალავა.

მკვლევარი ამბობს, რომ ამ პასუხების მაღალი მაჩვენებელი დამოკიდებულია იმ გარემოზე,  რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს არჩევნების საბოლოო შედეგებზეც.  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განმარტებით, არაფერია ახალი იმაში, რომ არჩევნების წინ მოსახლეობა საკუთარ პოზიციას არ ასაჯაროებს.  

“ყველამ იცის, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს,  მით უფრო მეტად არ სურთ ადამიანებს საკუთარი არჩევნის დაფიქსირება.  ეს ყოველთვის ასე ხდება. გამოკითხვები, ეს არ არის “წინასწარმეტყველება” და არავის უნდა ქონდეს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე კვლევა “იწინასწარმეტყველებს”, თუ რა მოხდება. გამოკითხვას შეუძლია მხოლოდ იმის ჩვენება, თუ რას ფიქრობენ ადამიანები დროის კონკრეტულ მომენტში, თუმცა ვერაფრით განსაზღვრავს იმას, თუ რას იზამენ ისინი, როცა არჩევნები მოვა,” – აცხადებს ლუის ნავარო “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა შიშზე საუბარი და ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხზე საუბრობენ, საკუთარი მოსაზრება  კონკრეტულ ფაქტებით უნდა დაამტკიცონ.

“როცა სოციოლოგები  იწყებენ იმაზე საუბარს, რომ ადამიანებმა პასუხი რაიმე
კონკრეტული მიზეზის გამო არ დააფიქსირეს, მათ უნდა დაასაბუთონ და დაამტკიცონ, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებენ ასეთ დასკვნას. როცა ვსაუბრობთ შიშზე – შეუშვა უცხო ადამიანი (ინტერვიუერი)  სახლში, ესაუბრო მას საათნახევარი, კითხვაზე პასუხები ჩაანიშნინო კითხვარში – ეს ჩემთვის არ არის შიშის გამოხატულების ნიშნები. ასე შეშინებული ადამიანები არ იქცევიან,” – დასძენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი ლუის ნავარო.

ნავაროს თქმით, ასევე შეუძლებელია იმის დადგენაც,  თუ ვისი მხარდამჭერები არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ.

კვლევებზე, მომუშავე სოციოლოგები განმარტავენ, რომ იმისათვის, რომ რეალური სურათი შეიქმნას, თუ რა განწყობაა მოსახლეობაში,  მკვლევარმა ორგანიზაციამ ანონიმურობის მაქსიმალური გარანტია უნდა შექმნას.

“კვლევითმა კომპანიამ ვერ შეძლო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გახსნა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება იქნებოდა  განსხვავებული. აქ გასაკრიტიკებელია მეთოდოლოგია. NDI   კვლავ ტრადიციული მეთოდით მოქმედებს  – ინტერვიუერი ღიად უსვამს კითხვას და მერე აფიქსირებს ღიად პოზიციას, რაც სწორ სურათს არ იძლევა,” – განმარტავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მისი თქმით,  კითხვების ღიად დასმის  მეთოდი ბოლო წლებია არ ამართლებს. სწორედ ამიტომ ბოლო კვლევაში კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციამ განსხვავებულ მეთოდს მიმართა: მოსახლეობა ინტერვიუერს კი არ უმხელდა საკუთარ სიმპათიებს, არამედ აფიქსირებდა მას ფურცელზე და  ინტერვიუერისგან მოშორებით ათავსებდა კონვერტში, ლუქავდა და აგდებდა ყუთში. კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ამ მეთოდით თითქმის განახევრდა იმ  იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებდნენ.

ეკა ფირცხალავა ამბობს, რომ  რაიმე ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება შეუძლებელია, ამიტომ მთავარია ქვეყანაში არსებული გარემოს გაუჯობესება.

“თუკი გარემო ისეთივე იქნება, როგორც იმ ქვეყნებში, რომელშიც ეს მეთოდოლოგია მუშაობს, მაშინ იქნება დაბალი მაჩვენებელი, “არ ვიცი”–ს   მაღალი მაჩვენებელი კი გარემოს ბრალია, რომელშიც ვცხოვრობთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი