ახალი ამბები

აუდიტის სამსახურის დასკვნით “პე–ეს–პეს” ქველმოქმედება კანონიერია

18 ივლისი, 2012 • • 1268
აუდიტის სამსახურის დასკვნით “პე–ეს–პეს” ქველმოქმედება კანონიერია

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახაბერ ოქრიაშვილის ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე”-ს საქველმოქმედო საქმიანობა და დაასკვნა, რომ ის არ არღვევს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონს. 

 

“საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახაბერ ოქრიაშვილის ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე”-ს საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეისწავლა იმ მიზნით, რომ მიეღო ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის თაობაზე.  შპს „პე ეს პე ფარმა“ დაფუძნებულია 2003 წელს. დაფუძნებიდან 2011 წლის ბოლომდე კომპანია სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა,” – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ 18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

აუდიტის სამსახურისვე ცნობით, 2011 წლის ბოლოს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, კომპანიამ საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბები შეამცირა და 2012 წლის 30 მაისამდე ქველმოქმედების სახით დახმარება გაუწია მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” და “კათარზისს”. ასევე, რამდენიმე ფიზიკურ პირს, რომლებიც უკიდურესი აუცილებლობის გამო დახმარებას საჭიროებდნენ.

 

“საკითხის შესწავლის შედეგად კომპანიის მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა,” – ასკვნის აუდიტის სამსახური და იქვე დასძენს, რომ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად დადგენილი შეზღუდვების არაპირდაპირ დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ორგანიზაციამ უარი თქვა საქველმოქედო საქმიანობაზე. ამ მიზნით განაახლა ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ქველმოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი