ახალი ამბები

არასამთავრობოები: შრომის ინსპექტირების მექანიზმი წარმოადგენს სუსტ ორგანოს

24 ოქტომბერი, 2016 • 1608
არასამთავრობოები: შრომის ინსპექტირების მექანიზმი წარმოადგენს სუსტ ორგანოს

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექტირების მექანიზმი წარმოადგენს სუსტ ორგანოს, რომელსაც არ შეუძლია მისი მთავარი ფუნქციის – პრევენციული პოლიტიკისა და დარღვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფა.

შრომის პოლიტიკის გარდაქმნა, მათ შორის, შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნა დღემდე რჩება არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის და პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარ მოთხოვნად და რეკომენდაციად. ღირსეული შრომის პირობების გარანტირება და ეფექტური შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ერთ-ერთი ვალდებულებაა.

საქართველო დღემდე სავალდებულოდ არ აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) იმ კონვენციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, რაც ასევე აჩვენებს ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და მზაობის არარსებობას, შექმნას შრომითი უფლებების სათანადო დაცვის ეფექტური და ქმედითი მექანიზმები, მიიჩნევენ ორგანიზაციები,

ხუთმა ორგანიაციამ- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება- დღეს, 24 ოქტომბერს, განცხადება გამოაქვეყნა.

ორგანიაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, რომ სამუშაო ადგილებზე საწარმოო პროცესში დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.

ხოლო საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მისი ქმედითობის აუცილებელ ბერკეტებს, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლებამოსილებას, შრომითი უფლებების სრული სპექტრის შემოწმების მანდატს, შრომის უფლებების დარღვევების პრევენციისა და მათი აღმოფხვრის ეფექტურ აღსრულებით მექანიზებსა და სათანადო ფინანსურ/ ადმინისტრაციულ რესურსებს.

განცხადების ავტორები მიუთითებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული, რაც მათი შეფასებით საგანგაშოა და დასაქმებულთა უფლებების დარღვევის სისტემურ პრობლემაზე და სახელმწიფოს მიერ გატარებული შრომის პოლიტიკის არაეფექტურობაზე მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი