ახალი ამბები

რა პრეტენზიები აქვს სალომე ზურაბიშვილს

24 ოქტომბერი, 2016 • 1821
რა პრეტენზიები აქვს სალომე ზურაბიშვილს

მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც “ენმ-ის წევრებითაა დაკომპლექტებული”, “სინქრონულად თანამშრომლობს” ნეტგაზეთთან და ამ უკანასკნელმა “აბსოლუტურად დეზინფორმაციული სტატია” გამოაქვეყნა. თუმცა ვნახოთ, დეტალურად რა პრეტენზიები აქვს ზურაბიშვილს და მის ადვოკატს და რამდენად საფუძვლიანი მათი ბრალდებები.

დღეს “პრაიმთაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა:

“ჩვენი პრესკონფერენცია გამოიწვა იმ გამოკვეთილმა ტენდენციურობამ, ჩვენი აზრით, რომელიც სინქრონში არის ამ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და კონკრეტულად ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთში” ოპერატიულად და მყისიერად გამოქვეყნებული ნიუსის შესახებ. მინდა ხაზი გავუსვა, თუ რატომ ვთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული შავი პიარი, ანუ კამპანია ქალბატონი სალომეს მიმართ და სინქრონში რატომ მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ გამოცემასთან. ამას, ბუნებრივია, გამოკვლევა სჭირდება. ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხს და ჩვენ გვექნება სამართლებრივი რეაგირება კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით. ეტყობა, ჟურნალისტმა კარგად იმუშავა და გაიგო შემომწირველების სახელი და გვარი, რომელიც საჯაროა და, ამავე დროს, მათი ყოფილი რეგალიებიც. თქვენც ჟურნალისტები ხართ და, შესაბამისად, კარგად გესმით ინფორმაციის, ნიუსის გაშვების ტაქტიკა. პირდაპირ წერია, ერთ-ერთ შემომწირველად, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შემოწრულობის სახით ამდენი და არის ერთი კონკრეტული პირი დაკონკრეტებული”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი პრეტენზია ეხება “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სახელწოდებით – “ფუნიკულიორის მომსახურებაზე ინფორმაცია ზურაბიშვილმა არც ფინანსურ დეკლარაციაში შეიტანა”.  მასალა ეფუძნება აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სამკვირიან დეკლარაციას (21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში), რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის ხარჯებს ასახავს აღნიშნულ პერიოდში და რომლის წარდგენასაც საარჩევნო სუბიექტს კანონი ავალდებულებს.

საქმე ის არის, რომ აღნიშნულ დეკლარაციაში უნდა მოხვედრილიყო ის ხარჯი, რაც სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო მიზნებისთვის 6 ოქტომბერს გასწია, როცა მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი საღამო გამართა და მთაწმინდაზე ასასვლელად მგზავრები საბაგიროს უფასოდ გადაჰყავდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და “სამართლიან არჩევნების” შეფასებით, საარჩევნო სუბიექტის მხრიდან მსგავსი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ეს ფაქტი “ნეტგაზეთმა” 7 ოქტომბერს გააშუქა და მასალის მომზადების პერიოდში აუდიტის სამსახურს დაუკავშირდა, რადგანაც სწორედ ესაა პასუხისგებელ ორგანო, რომელმაც მსგავსი ფაქტები უნდა შეამოწმოს. მაშინ ზურაბ აზნაურაშვილმა ჩვენთან სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ ამ ფაქტზე მათი სამსახური აწარმოებდა  მოკვლევას.

დიმიტრი გაბუნია ამ ფაქტშიც დარღვევებს ხედავს:

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორი რამე დაარღვია: ერთი ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოა და სატელეფონო ინფორმაციების დონეზე ოფიციალური პასუხები არ უნდა გასცეს. მით უმეტეს, ჟურნალისტისთვის. ამის უფლება არ ჰქონდა იმ პატივცემულ აზნაურაშვილს, და მეორეც, სანამ მოკვლევა არ არის დასრულებული, რატომ გავიდა ეს ინფორმაცია?!”

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, აუდიტმა დოკუმენტაციის შესაგროვებლად მათ დრო 2 ნოემბრამდე მისცა, ამიტომ, მისი თქმით, სამსახურში მონაცემები სრული სახით არ იყო გაგზავნილი. ამის მიუხედავად, იგი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურმა დოკუმენტები მაინც გამოაქვეყნა.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისათვის გაგზავნილ წერილში მითითებული 2 ნოემბერი არის მეორე ტურამდე (8 ოქტომბერი-30 ოქტომერი) 3-კვირიანი დეკლარაციის წარდგენის ვადა და არა იმ შუალედური დეკლარაციის, რომელიც აუდიტის საიტზე 21 ოქტომბერს აიტვირთა.

“აუდიტის სამსახური აქვეყნებს ყველას ანგარიშებს, რასაც ვიღებთ. არჩევნების მიმდინარე პერიოდებში ეს უნდა იყოს საჯარო. საარჩევნო სუბიექტებს მეორე ტურის ფინანსური დეკლარაციების წარმოდგენის საბოლოო ვადად განესაზღვრათ 2 ნოემბერი და ამას საერთო არ აქვს მანამდე გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებთან,” – აცხადებს აზნაურაშვილი.

აზნაურაშვილის თქმით, აუდიტის სამსახურმა ზურაბიშვილს გაუგზავნა 2 წერილი – ერთი- პირველი ტურის შესახებ დეკლარაციებზე, ხოლო მეორე -უკვე მეორე ტურების შესახებ. აზნაურაშვილის თქმით, წერილი იყო შეხსენება კანდიდატებისათვის, რომ 2 ნოემბერამდე შეჯამებული სახით წარადგინონ ყველა საჭირო დოკუმენტი.

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც დღესაც არის დაკომპლექტებული “ნაციონალური მოძრაობის” დროს და, შეიძლება ითქვას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებით, რომლებიც მიზანმიმართულად კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ ახორციელებენ კონკრეტულ ქმედებებს, რათა მოახდინონ მისი დისკრედიტაცია და ხელი შეუწყონ მისი მთავარი კონკურენტის, ნიკოლოზ რურუას არჩევნებში წარმატების მიღწევისთვის. აი, ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება აუდიტის სამსახურის მოქმედებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა აუდიტის სამსახურს, რომ დაინტერესდეს მისი კონკურენტის, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა რურუას ფინანსური შემოწირულობებით. თუმცა, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსური დეკლარაციის შევსების ვალდებულება მხოლოდ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატებს აქვთ. დანარჩენი კანდიდატების შემთხვევაში დეკლარაციას ავსებენ პოლიტიკური პარტიები.

“რურუას შემოწირულობებისათვის ფონდი არ გაუხსნია. ნიკა რურუა არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ამიტომ ცალკე მას დეკლარაცია არ შეუვსია. ჩვენს საიტზე არის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეკლარაცია,” – ამბობს ზურაბ აზნაურაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ის სრულად წარადგენს დოკუმენტაციას საკუთარი ფინანსური შემოწირულობების შესახებ.

აუდიტის სამსახური სამკვირიან დეკლარაციებს აქვეყნებს 8 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჯერჯერობით ბოლო დეკლარაცია 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. სალომე ზურაბიშვილი დღეს აცხადებს, რომ მას გაცილებით მეტი შემომწირველი ჰყავდა, ვიდრე ეს ამ დეკლარაციებშია მითითებული. იგი ამბობს, რომ სრულ ინფორმაციას 2 ნოემბრამდე მიაწვდის აუდიტის სამსახურს.

დიმიტრი გაბუნია და სალომე ზურაბიშვილი პრესკონპერენციაზე. 24.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი

დიმიტრი გაბუნია და სალომე ზურაბიშვილი პრესკონპერენციაზე. 24.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი