ახალი ამბები

“კრწანისის” ტერიტორიაზე მოკლულის ოჯახს სამინისტროს ვერსიის არ სჯერა

24 ოქტომბერი, 2016 • 1800
“კრწანისის” ტერიტორიაზე მოკლულის ოჯახს სამინისტროს ვერსიის არ სჯერა

თბილისში, სამხედრო-სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ.

“უაღრესად წესიერი ბავშვი იყო. იარაღი  არასდროს ჰქონია. იმ ვერსიის არ გვჯერა, რაც გამოაცხადეს,”- განაცხადა ოჯახის ახლობელმა, ციცო ბასილაიამ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

მოკლულის დედის განცხადებით, მისი ორივე შვილი – გიგა და გიორგი შენგელიები ნამდვილად იმყოფებოდნენ თბილისში, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რატომ შეიძლებოდა ისინი მისულიყვნენ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე. სამინისტროს ცნობით, უცნობია ორი პირის ვინაობა, რომლებიც შენგელიასთან ერთად იმყოფებოდნენ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, შემთხვევის ადგილთან პისტოლეტი და მობილური ტელეფონია ნაპოვნი:

“გუშაგი ნორმების დაცვით მოქმედებდა. გამოძიება გრძელდება. ცენტრიდან ას მეტრში, შემთხვევის ადგილზე, ნაპოვნია მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ახლო მომავალში იტყვის ამომწურავ ინფორმაციას ამ თემაზე.”

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლული გიგა შენგელიას ძმა 2016 წლის სექტემბრამდე “კრწანისის” ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

“რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.”

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი