ახალი ამბები

შს მინისტრი: მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას

24 ოქტომბერი, 2016 • 1946
შს მინისტრი: მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია “ძალა ნდობას” დაიწყო.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად:

“თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემობა, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის, რომ პოლიციელებმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით. მთელი ჩვენი უწყება, 40 ათასი ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, გვენდეთ, მიეცით ძალა ნდობას, მოგვმართეთ და სამინისტრო თქვენი უფლებების სადარაჯოზე იქნება. ძალადობასთან შეგუება არ შეიძლება. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას ყველა იმ მოძალადის წინააღმდეგ, რომლებიც სხვა ადამიანებს აქცევენ მსხვერპლად,” – განაცხადა მინისტრმა.

კამპანიის სლოგანი და ლოგო კონკურსის საფუძველზე შეირჩა. კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების თუ სხვა სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი