ახალი ამბები

მარნეულის #48-ე უბნის 33 ბიულეტენი გაბათილდა

24 ოქტომბერი, 2016 • 1273
მარნეულის #48-ე უბნის 33 ბიულეტენი გაბათილდა

მარნეულის მაჟორიტარული ოქლის #48-ე საარჩევნო უბანზე 33 ბიულეტენი გაბათილდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო.

კომისიის განმარტებით, გაბათილების მიზეზი არის ის გარემოება, რომ  გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურები ხარვეზებით იყო განხორციელებული, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა.

ზემოხსენებულ უბანზე გადასატანი ყუთით მოსარგებლედ სულ 34 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა ერთმა მათგანმა ხმის მიცემაზე უარი თქვა და საბოლოოდ 33 ბიულეტენი დაფიქსირდა.

განმეორებითი არჩევნები მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე 22 ოქტომბერს გაიმართა და ის ენმ-ს წარმომადგენელმა აჰმედ იმამკულიევმა მოიგო, თუმცა საბოლოოდ მაჟორიტარის ვინაობას მეორე ტური გამოარკვევს. 22 ოქტომბერს ზემოხსენებულ უბანზე პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 8 საჩივარი დაიწერა, მათ შორის ზოგიერთი სწორედ გადასატანის ყუთის პროცედურებს ეხებოდა. ერთ-ერთი დამკვირვებლის განცხადებით, “დარღვეული იყო წილისყრის პროცედურა, არ იყო გამოვლენილი გადასატან ყუთზე ზედამხედველი დამკვირვებელი, არ იყო გახსნილი ჩანაწერთა წიგნი”.

გადასატანი ყუთის მონაცემები არა საუბნო კომისიაში, არამედ საოლქოში გაიხსნა. ხმების გაბათილების გადაწყვეტილებაც სწორედ იქ მიიღეს.

70324

 

მასალების გადაბეჭდვის წესი