ახალი ამბები

მალტაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

24 ოქტომბერი, 2016 • 1334
მალტაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 10-ის ნახევარზე, მალტის აეროპორტიდან ახლად აფრენილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.  

თვითმფრინავს სულ 10 ადამიანის გადაყვანა შეეძლო, თუმცა ბორტზე მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად მაშველები გადარჩენილებს ეძებდნენ, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება“მალტის ტაიმზი” წერს, ინციდენტს, სავარაუოდოდ, ბორტზე მყოფთაგან ვერავინ გადაურჩა. ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაღუპულები.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ევროკავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო ფრონტექსის თანამშრომლები დაიღუპნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ევროკავშირში არ დაადასტურეს:

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე დაწერა, რომ ავიაკატასტროფაში ევროკავშირის არც ერთი მაღალჩინოსანი არ დაღუპულა. “რეისი არ უკავშირდება ევროკავშირის არც ერთ აქტივობას”, – დაწერა მოგერინიმ.

მალტის აეროპორტი 4 საათით დახურული იყო, რის გამოც დაგეგმილი ფრენები რამდენიმე საათით გადაიდო.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 24.10.2016. ფოტო: "მალტის ტაიმზი"

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 24.10.2016. ფოტო: მარკ გელეა, “მალტის ტაიმზი”

შენიშვნა: ახალი ამბავი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩასწორებულია — ამბის თავდაპირველ ვერსიაში გამოცემა “გარდიანზე” დაყრდნობით გვეწერა, რომ თვითმფრინავი, რომელსაც ევროკავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს, ფრონტექსის, მაღალჩინოსნები გადაჰყავდა, მალტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თუმცა ევროკავშირმა უარყო ფრონტექსის თანამშრომლების ყოფნა თვითმფრინავში.

მასალების გადაბეჭდვის წესი