ახალი ამბები

გაქურდული სტუდია “მონიტორი” მუშაობის გაგრძელებას ცდილობს

23 ივლისი, 2012 • • 1357
გაქურდული სტუდია “მონიტორი” მუშაობის გაგრძელებას ცდილობს

სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი აცხადებს, რომ გაქურდვის შედეგად საგამოძიებო ფილმების სტუდიას 30 ათას დოლარამდე ზარალი მიადგა, თუმცა ჟურნალისტები საგამოძიებო ფილმებზე მუშაობას მაინც გააგრძელებენ.

 

“ძალიან დიდი სტრესი იყო ჩვენთვის, ახლა ვცდილობთ მეგობრების დახმარებით გავაგრძელოთ მუშაობა, ვიშოვოთ კომპიუტერები და კამერები, მუშაობას არ შევაჩერებთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო ზურიაშვილმა. მისივე თქმით, “მონიტორის” ჟურნალისტებს ოფისში სამუშაოდ კომპიუტერები სახლიდან მოაქვთ. ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ის ფილმები, რომლებზეც მუშაობდნენ, სრულად დაკარგული არ არის. რაც შეეხება არქივს, ის სხვადასხვა ონლაინ რესურსებზეა ატვირთული და ჩვეულებრივ არის ხელმისაწვდომი.

 

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე სტუდია “მონიტორის” ოფისიდან ქურდებმა წაიღეს 8 კომპიუტერი, მათ შორისაა ორი ძვირადღირებული სამონტაჟო კომპიუტერი, ასევე ორი პროფესიონალური ვიდეოკამერა, შტატივები და მეხსიერების ბარათები. 

 

“მონიტორი” დამოუკიდებელი სტუდიაა და ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს. გამოძიებები ეთერში ორ კვირაში ერთხელ, შაბათს, 21:00 საათზე ტელეკოპანია “მაესტროს” ეთერში გადის .  სტუდია 2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა. პირველი ჟურნალისტური გამოძიება “რეიდი მესტიაში” ეთერში 2007 წლის 23 მაისს გავიდა. სტუდია “მონიტორის” დამფუძნებლები არიან: ნანა ბიგანიშვილი, ნინო ზურიაშვილი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ია ანთაძე და ბესარიონ კურტანიძე.

სტუდია მონიტორი ჟურნალისტურ გამოძიებებს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ევროკავშირის, “დემოკრატიის ნაციონალური ფონდის”, აშშ-ის საელჩოს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, IREX – საქართველოს ფინანსური მხარდამჭერით ამზადებს.

სტუდია “მონიტორმა” არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, მათ შორის ერთ–ერთი უკანასკნელი  – “მინისტრის მეგობარი” – ეხება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეგობარ ბიზნესმენთა საქმიანობას საქართველოში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი