საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურში სანდრა რულოვსის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, რომელთაც უკვე დეკლარირებული აქვთ, რომ პარტია მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს, რულოვსის გადაწყვეტილებას “სამწუხარო და დამაზიანებელი” უწოდეს. რაც შეეხება პარტიის დამფუძნებელს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ოდესის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა.
“მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას, იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას. საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში.
დრო აჩვენებს, ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს,”- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
იმის შესახებ, რომ ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში გასამართ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა, სანდრა რულოვსმა 23 ოქტომბერს განაცხადა. 22 ოქტომბერს ამ ოლქის სამ უბანზე გაიმართა პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა, სადაც უპირატესობა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ მოიპოვა, თუმცა ამ ოლქის მაჟორირატის გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა მაინც საჭირო გახდა.
რულოვსმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა და მისი გამარჯვება “მოიპარა”. იგი ამბობს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება შეურაცხმყოფელი იქნებოდა.
10 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 50 მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იქნებოდა საჭირო, სადაც, უმეტეს შემთხვევებში, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მიიღებდენ მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მეორე ტურებში მონაწილეობას. მისივე თქმით, თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას და მისცემდნენ თუ არა ლეგიტიმაციას დარღვევებით ჩატარებულ არჩევნებს.
ამ განცხადებამ ნაციონალური მოძრაობის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა 11 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებდა და პარლამენტშიც შევიდოდა.
სანდრა რულოვსი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის მეორე ნომერია.