ახალი ამბები

8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აგიტაციისთვის 12 პირი 2000-2000 ლარით დაჯარიმდა

23 ოქტომბერი, 2016 • 1196
8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აგიტაციისთვის 12 პირი 2000-2000 ლარით დაჯარიმდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევბთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად მიიჩნია და საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა, რაც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ოქმები შემდგომი რეაგირებისთვის 21 ოქტომბერს თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ასევე, ხელვაჩაურის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების „ქართული ოცნების“ შტაბში ყოფნის საკითხი შეისწავლა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ და ისინი მეორე ტურებისთვის აღარ იქნებიან კომისიების შემადგენლობაში. ცესკოს ცნობით, მათ ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება, ხოლო პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილების სახით.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვის შედეგად, №68.81.46 ხალას საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ და „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გაუგზავნა.

“ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამო, რაც გავრცელებულ ვიდეომასალებშიც იკვეთება, ამავე საარჩევნო უბანზე „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილება ასევე ვადამდე შეწყვეტილი აქვს ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.” – აცხადებენ ცესკო-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი