ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინეს

23 ოქტომბერი, 2016 • 3474
თავდაცვის სამინისტრო: სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს გამთენიისას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 23 ოქრომბერს, დაახლოებით 3:30 სთ-ზე, ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრას უცხო პირები ცდილობდნენ. სამინისტროს თქმით, პირები გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და თავს დაესხნენ, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა.

როგორც სამხედრო პოლიციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა “ქრონიკასთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, გასროლა გუშაგმა განახორციელა:

“სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეჭრილნი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მისი მიმართულებით ისროლეს ცეცხლმაქრის ბალონი. ამის შემდეგ გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა. ისინი მაინც არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოახდინა მათი მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. მოგვიანებით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და დაახლოებით სროლის ადგილიდან სამასი მეტრის დაშორებით აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი თავდამსხმელის გვამი” – ამბობს ზურაბ კუხიანიძე.

ცხედარი სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერებისას იპოვნეს.  როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს,  მოკლულს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიებას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი