ახალი ამბები

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სხვა ფაქტები, რაც საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს

22 ოქტომბერი, 2016 • 1417
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სხვა ფაქტები, რაც საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს

საიას შეფასებით, 14:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა ორგანიზაცია გამოყოფს ცალკეულ დარღვევებს, რომლებიც მისმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

მარნეულის #48 უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი, ვინაიდან უბანზე მისული პირველი ამომრჩეველი არ შევიდა საარჩევნო კაბინაში, მაგიდაზე გააკეთა არჩევანი და ისე ჩააგდო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში. ამომრჩევლის განმარტებით,  ვინაიდან საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა იყო, ვერ დაელოდებოდა, სანამ მოახერხებდა საარჩევნო კაბინამდე მისვლას.

კომისიის წევრთა მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება

მარნეულის #48 უბანზე გადასატანი ყუთის სია შედგენილი იყო კანონის მოთხოვნების დარღვევით (მუხლი 33.5), კერძოდ, გადასატანი ყუთის სიის საჯარო ვერსიაში არ იყო შეტანილი ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. კერძოდ, გამოტოვებული იყო (დაბადების წელი, ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საჩივრის დაწერის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია შეეცადა დარღვევის გამოსწორებას და გადასატანი ყუთის სიის საჯარო ვერსიაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.

მარნეულის #48 უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის დროს საუბნო კომისიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული დილის 7 სთდან 8 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები (მაგალითად, პირველი ამომრჩევლის მოსვლისას უბანზე, რეგისტრატორებს არ ჰქონდათ გადაცემული ბიულეტენები და ბეჭდები.) საარჩევნო კომისიამ ეს ხარვეზი ახსნა უბანზე მყოფი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენელთა სიმრავლით და ამის გამო შექმნილი დაძაბულობითა და კომისიის წევრთა დაბნეულობით.

კენჭისყრის შენობის მოწყობა

აღსანიშნავია, რომ მარნეულის #48 სარჩევნო უბანზე ფიქსირდება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კენჭისყრის ოთახი მცირე მოცულობისაა და უბანზე მყოფ პირებს ხალხმრავლობის გამო არ აქვთ სათანადო სამუშაო პირობები.

დილის 7 საათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ზუგდიდის #79-ე და #108-ე უბნებს, რასაც არ მოუხდენია გავლენა წილისყრის და სხვა პროცედურების წარმართვაზე. ელექტროენერგიის მიწოდება ორივე უბანზე დაახლოებით ერთ საათში აღდგა. საუბნო საარჩევნო კომისიების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხმის დათვლისას ელექტოენერგიის მიწოდების მხრივ უბნებზე პრობლემა იქნება, ისინი გენერატორით არიან უზრუნველყოფილი.

სხვა საკითხები

განსხვავებით 2016 წლის 8 ოქტომბრის კენჭისყრის დღისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმიერ საარჩევნო უბანზე დანიშნულმა კომისიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში, ასევე ამ ფუნქციის გამოვლენისას, გაჰყვნენ გადასატან ყუთებს. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს ამ პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო კომისიის წევრებმა მასობრივად პროტესტი გამოთქვეს და არ მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ წილისყრაში, ან პირიქით, მიიღეს, თუმცა გადასატან საარჩევნო ყუთის გაყოლაზე შემდგომ უარი განაცხადეს. ვინაიდან ჩვენი მოსაზრებით საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან მსგავსი ქმედება საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის შეუსრულებლობას წარმოადგენდა, საიას დამკვირვებლებმა ასეთ შემთხვევებში საჩივრები წარადგინეს ზემდგომ საარჩევნო კომისიებში და შესაბამის პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, აღნიშნულ პირთა მიმართ ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე სასამართლოებმაც განმარტეს, რომ კომისიის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი  კომისიის წევრის ვალდებულების შეუსრულებლობას წარმოადგენდა.

როგორც მარნეულში, ასევე ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე, იმყოფებიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ისინი ეხმარებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მუშაობაში, აძლევენ მითითებებს და ცდილობენ საარჩევნო პროცედურები კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართოს.  რასაკვირველია, უმჯობესია, რომ საუბნო კომისიებს არ სჭირდებოდეთ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციების დახმარება, თუმცა ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომმა საარჩევნო ადმინისტრაციებმა უნდა მიიღონ ზომები მათი კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 2 საჩივარი წარადგინეს (ერთსა და იმავე დარღვევაზე უბანზე და ოლქში) და 2 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში მარნეულის საარჩევნო უბანზე.

განმეორებითი კენჭისყრა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, 22.10.2016. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

განმეორებითი კენჭისყრა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, 22.10.2016. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი