ახალი ამბები

“ტურინგის კანონპროექტს” ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

22 ოქტომბერი, 2016 • 1576
“ტურინგის კანონპროექტს” ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

კანონპროექტი, რომელიც “ტურინგის კანონპროექტის” სახელითაა ცნობილი, ბრიტანეთის პარლამენტის პირველ მოსმენაზე ჩავარდა. ტურინგის კანონპროექტმა ნასამართლეობისგან უნდა გაათავისუფლოს ათიათასობით გეი კაცი, რომელიც ბრიტანეთში მაშინ გასამართლდა, როდესაც ჰომოსექსუალური აქტი კრიმინალად ითვლებოდა.

ცნობილი მათემატიკოსი ალან ტურინგი, ერთადერთია, ვისაც ბრიტანეთმა ჰომოსექსუალობის გამო ნასამართლეობა მოუხსნა. იგი 1950-წლებში დააკავეს და ბრალი უხამსი ქცევისთვის წაუყენეს, რადგან იმდროინდელ ბრიტანეთში ჰომოსექსუალური აქტი კრიმინალად ითვლებოდა.

2009 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ტურინგს ბოდიში ოფიციალურად მოუხადა, ოთხი წლის შემდეგ კი დედოფალმა “შეიწყალა”. ტურინგის მსგავსად 49 000 ადამიანია ნასამართლევი უხამსობის ჩადენის ბრალდებით.

დედოფლის მიერ მხოლოდ ალან ტურინგის შეწყალება უკმაყოფილების საგანი გახდა, 40 000-მა ხელმომწერმა ღია წერილი გაავრცელეს, სადაც საუაბარია, რომ ყველა ადამიანი უნდა “შეიწყალონ”, რომელიც ბრიტანეთმა უხამსობის სახელით გაასამართლა და არა მხოლოდ ალან ტურინგი, რადგან ის ცნობილი მათემატიკოსი იყო. ამ ბრალდებით გასამართლებული 49 000 ადამიანიდან 15 000 ჯერ კიდევ ცოცხალია.

“ბრიტანეთის ჰომოფობიურმა კანონებმა ჰომოსექსუალი და ბისექსუალი ადამიანების თაობების ცხოვრება აუტანელი გახადა. ჩვენ მოვუწოდებთ მის უდიდებულესობას, დაიწყოს დისკუსია ყველა მათგანის შეწყალების საკითხზე, რომლებიც ალან ტურინგის მსგავსად ნასამართლევი იყვნენ”, – ნათქვამია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი