ახალი ამბები

22 ოქტომბერს მარნეულის #48-ე უბანზე ხელახალი არჩევნები ტარდება

21 ოქტომბერი, 2016 • 2043
22 ოქტომბერს მარნეულის #48-ე უბანზე ხელახალი არჩევნები ტარდება

22 ოქტომბერს №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48ე საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები.

ამ უბანზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ არჩევნების პირველი ტური ვერ შედგა და ბიულეტენები გაბათილდა. 8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას. მომხდარის გამო მოგვაინებით შსს-მ ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი დააკავა, ხოლო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.

მარნეულის მაჟორიტარული ოლქი ერთ-ერთია, რომელშიც პირველი ტურის შედეგების მიხედვით, არა “ქართული ოცნების”, არამედ ენმ-ის წარმომადგენელი ლიდერობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აჰმედ იმამკულიევს 9645 ხმა აქვს მიღებული, რაც საერთო ხმების 47.91%-ს შეადგენს. ქართული ოცნების კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 8738 ხმა მიიღო, ანუ საერთო ხმების 43.41%. #48 უბანზე, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოში მდებარეობს, სულ 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული (ქალი – 732, კაცი – 704).

გარდა მარნეულისა, 22 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განმუხურსა და ჯიხაშკარში, 3 საარჩევნო უბანზე ჩატარდება განმეორებითი კენჭისყრა. ჯიხაშკარის ორ (108-ე და 79-ე) უბანზე კენჭისყრა 8 ოქტომბერს დარბევის შედეგად ჩაიშალა, განმუხურში (38-ე უბანზე) კი შედეგები გაბათილდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი