ახალი ამბები

NDI: დარღვევების გამოუძიებლობამ, შესაძლოა, პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს

21 ოქტომბერი, 2016 • 1296
NDI: დარღვევების გამოუძიებლობამ, შესაძლოა, პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს 8 ოქტომბერსა და მას შემდეგ დაფიქსირებული დარღვევები საარჩევნო პროცესში, რათა ეჭვქვეშ არ დადგეს პარლამენტის ლეგიტიმაცია.

NDI-ში აცხადებენ, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ:

“8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს, თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს.”

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. NDI მხარს უჭერს საარჩევნო საჩივრების განხილვის სწრაფ პროცესს, რომელიც კანონის თანმიმდევრული და შესაბამისი გამოყენების გზით წარიმართება.

NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები.

“ცესკომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნებს მომზადებული შეხვდნენ.”

NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფი 9 ოქტომბერს აღნიშნავდა, რომ პროცედურული დარღვევების და ცალკეულ უბნებზე დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების მიუხედავად, არჩევნების დღემ მისაღებ ვითარებაში ჩაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი