ახალი ამბები

საია: სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაზრდილი დაფინანსება არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდის

21 ოქტომბერი, 2016 • 1469
საია: სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაზრდილი დაფინანსება არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდის

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დაფინანსება იზრდება, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით,  შესაძლო არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  დასკვნის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით 16%-ით იზრდება და  ერთი მილიარდ 700 მილიონს უტოლდება. კიდევ უფრო მეტს შეადგენს გადასახდელების მოცულობა, რომელიც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებით 17% უნდა გაიზარდოს და ერთი მილიარდ 860 მილიონს მიაღწიოს.

Fullscreen capture 10212016 115846 AM

ამავე დასკვნით,  სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი სახსრების საპროგნოზო მოცულობა 946 მლნ ლარს შეადგენს და აღნიშნული ციფრი 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სანაცვლოდ, 19 მილიონი ლარით მცირდება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული წყაროებიდან მისაღები შემოსულობების გეგმიური მაჩვენებელი, რომელიც 2,3%-ით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლებზე.

“გარდა იმისა, რომ შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 716 მილიონ ლარს შეადგენს და 30 მილიონით მეტია 2016 წლის ანალოგიურ ხარჯზე, წარმოდგენილი კანონის პროექტი არ მოიცავს ინფორმაციას სსიპ-სა ა(ა)იპ-ებში შტატით და შტატგარეშე წესით გათვალისწინებულ თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნობის შესახებ,”- აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საიას განცხადებით,  სსიპ-სა და ა(ა)იპ-ების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, რაც მათი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახული ინფორმაციითაც დასტურდება.

“ამ ფონზე დაფინანსების გაზრდა კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას საჯარო ფინანსების შესაძლო არარაციონალური ხარჯვის თაობაზე;  პრაქტიკულად არ არსებობს, ან ეფექტურად არ მუშაობს აღნიშნული იურიდიული პირების მხრიდან დამფუძნებლების წინაშე ანგარიშვალდებულება (ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ადგილობრივი თვიმმართველობების  მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ეთან მიმართებაში).”

ორგანიზაციის განცხადებით,  კვლავაც გამოწვევად რჩება სრულყოფილი ინფორმაცია სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის და აღნიშნული რაოდენობის საჭიროების შესახებ.

” შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რატომ დგება დღის წესრიგში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა და რას უკავშირდება შრომის ანაზღაურების ზრდის საჭიროება.”

საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ  ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ’’ პროექტის დასკვნაში, სსიპ-სა და ა(ა)იპ-თან მიმართებით წარმოდგენილი რეკომენდაციები და  მაქსიმალურად სრულად და ამომწურავად წარმოადგინონ ინფორმაცია სსიპ-ს და ა(ა)იპ-ს დაფინანსებასთან/შემოსავლებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი