ახალი ამბები

როგორ დასრულდა დებატები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის

20 ოქტომბერი, 2016 • 1687
როგორ დასრულდა დებატები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის

19 ოქტომბერს დასრულდა დებატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის – როგორც ჩანს, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თანდათანობით უთმობს პოზიციების დემოკრატ ჰილარი კლინტონს.

საპრეზიდენტო დებატები ტრამპსა და კლინტონს შორის სულ სამჯერ გაიმართა, ბოლოჯერ სწორედ 19 ოქტომბერს, სადაც, როგორც საერთაშორისო მედიისა და ამერიკელი ამომრჩევლის ნაწილი აფასებს, დონალდ ტრამპი კვლავ დამარცხდა.

მემარჯვენე იდეოლოგიის მხარდამჭერი ტელეკომპანია “ფოქს-ნიუზი” ბოლო დებატებს ტრამპის “ყველაზე ძლიერ შესრულებად” აფასებს. მისგან განსხვავებით, ტრამპის აქტიური მხარდამჭერი “ბრაიტბარტ ნიუზი” წერს, რომ რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვერ მოახერხა დებატებში “სიტუაციის მის სასარგებლოდ შეტრიალება”. ამ საიტზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ვიგებთ, რომ მკითხველთა 56.81%-ს (104 922 ადამიანს) მიაჩნია, დებატებში დემოკრატების კანდიდატმა  დონალდ ტრამპს აჯობა.

“ვაშინგტონ პოსტმა” კი დაწერა, რომ ტრამპმა დებატები “კარგად დაიწყო”, თუმცა ბოლოსკენ აგრესიულად პასუხობდა მოწინააღმდეგეს, საუბარს აწყვეტინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა – მან დებატების მიმდინარეობისას კლინტონს “ამაზრზენი ქალი” უწოდა.

საინტერესოა ისიც, რომ რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპა ბოლო სატელევიზიო დებატებში ჰილარი კლინტონთან ორჯერ აარიდა პასუხი კითხვას, დაეთანხმება თუ არა არჩევნების შედეგებს, თუკი ის აჩვენებს, რომ ტრამპი დამარცხდა. “გეტყვით, როცა დრო დადგება”, – უპასუხა ტრამპმა დებატების მოდერატორ კრის უოლესს. პრეზიდენტობის კანდიდატი “რესპუბლიკელებიდან” უკვე კარგა ხანია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდება. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, მან შედეგებს უნდობლობა გამოუცხადოს, რაც უიშვიათესი მოვლენა იქნება ამერიკული არჩევნების ისტორიაში.

გამოკითხვები უჩვენებს, რომ ტრამპი კარგავს პოზიციებს საპრეზიდენტო არჩევნებში — BBC-ის 20 ოქტომბერს განახლებული მონაცემების თანახმად, კლინტონს 47%, ტრამპს კი — 43% აქვს.

ტრამპის დებატებში წარუმატებლობის გარდა, ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს მასთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი – მას სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. საუბარია 2005 წლის ვიდეოჩანაწერზე, სადაც დონალდ ტრამპი იკვეხნის, თუ როგორ სცადა დაქორწინებულ ქალთან ჰქონოდა სექსი და იყენებს მიზოგენურ, შეურაცხმყოფელ ენას.

კლინტონმა განაცხადა, რომ აქტიურად დაიცავს ლგბტ საზოგადოებისა და ქალების აბორტის უფლებებს, ასევე, ფოკუსირდება საშუალო კლასის აღდგენასა და ქალების თანასწორ ანაზღაურებაზე.

განსხვავებული იყო დონალდ ტრამპის აქცენტები – მან იარაღის ფლობის უფლებების გამყარებასა და დოკუმენტების გარეშე აშშ-ში მცხოვრები ადამიანების დეპორტაციაზე გაამახვილა ყურადღება.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარდება. არჩევნებში, კლინტონისა და ტრამპის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, თუმცა ორივე მათგანის რეიტინგები 10%-ს არ აჭარბებს:

66 წლის ჯილ სტაინი მწვანეთა პარტიიდან, რომელსაც იმედი აქვს, რომ დემოკრატების ის ნაწილი დაუჭერს მხარს, ვინც ბერნი სანდერსს გულშემატკივრობდა;

63 წლის გარი ჯონსონი, ნიუ მექსიკოს ყოფილი მერი ლიბერტარიანელთა პარტიიდან, რომელსაც რესპუბლიკელთა იმ მხარდაჭერის იმედი აქვს, ვისაც დონალდ ტრამპი არ მოსწონს;

დასრულდა საპრეზიდენტო დებატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს, შორის. ფოტო: EPA/GARY HE

დასრულდა საპრეზიდენტო დებატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს, შორის. ფოტო: EPA/GARY HE

მასალების გადაბეჭდვის წესი