ახალი ამბები

ზაზა თავაძე მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის საქმეებზე: ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე

20 ოქტომბერი, 2016 • 1608
ზაზა თავაძე მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის საქმეებზე: ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, ზაზა თავაძე ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარს არ აკეთებს, თუ როდის უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებას “კაბელების” და “რუსთავი 2”-ის საქმეებზე.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 ხმით 20 ოქტომბერს აირჩიეს.

თავაძის განცხადებით, მისთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა:

“ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე, იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები ჩვენთვის, განურჩევლად ყველა ადამიანისა, არის ერთი და იგივე, აბსულუტურად, იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ჩვენთვის, განურჩევლად ყვლა ადამიანისა, არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით რა ვადებიც არის დადგენილი და ისე განხორციელდება კონსტიტუციური მართლმსაჯულება,”- განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაატარებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების ინტერესებს, ზაზა თავაძე პასუხობს, რომ ამას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს.

“ამაზე მაქვს ძალიან მოკლე პასუხი: საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ. ლაკმუსის ქაღალდი იმისა, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება,”- განაცხადა მან.

ზაზა თავაძის თქმით, იგი “გადაახალისებს” საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობას და და 10 დღეში პლენუმს წარუდგენს. პლენუმმა კოლეგიები ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდრულად, ძლაიან დიდი პატივი. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება საკონსიტტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელსუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა,”- განაცხადა ზაზა თავაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე 13 ოქტომბერს დასახელდნენ. ირინა იმერლიშვილი კანდიდატად თავად იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და მაია კოპალეიშვილმა წარადგინეს. უცნობია, თუ  რომელმა სამმა წარადგინა დანარჩენი ხუთი მოსამართლიდან თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძე.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე, 2008-2010 წლებში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე კი – გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.  თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს  ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 5 მოსამართლეს მხედველობაში რუსთავი 2 -თან დაკავშირებული საქმის განხილვა ჰქონდათ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი