ახალი ამბები

რას ჰყვებიან მუშები პოლიტკოვსკაიას 57-ში მშენებლობაზე დაღუპულის შესახებ

20 ოქტომბერი, 2016 • 2960
რას ჰყვებიან მუშები პოლიტკოვსკაიას 57-ში მშენებლობაზე დაღუპულის შესახებ

26 წლის თემურ გურგენაშვილმა თბილისში, პოლიტკოვსკაიას #57-ში მდებარე ობიექტის მშენებლობაზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო. იგი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობდა და დღეში 25 ლარს იღებდა. 18 ოქტომბერს, წვიმიან ამინდში, თემურ გურგენაშვილს მეორე სართულის  აივანზე  ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. იგი გუშინ, 19 ოქტომბერს, ღამით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“მამამისი დიალიზით მკურნალობს, ხაშურში. ორი კვირის წინ მოიყვანა ცოლი. მამამისს უთქვამს, მომასწარიო…  კომპანია ეხმარება ოჯახს, ყველაფერს უკეთებს. ბიჭის სიკვდილი ვის უნდოდა?!”- უთხრა “ნეტგაზეთს” ობიექტის ტერიტორიაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.

ობიექტზე სამუშაო პროცესი გრძელდება. მუშებს არ აქვთ სპეციალური აღჭურვილობა, რაც მათ შენობიდან გადმოვარდნისგან დაიცავდა.

მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე ამბობს, რომ თემურ გურგენაშვილის გარდა, 2016 წელს 6 ადამიანი დაიღუპა მშენებლობის ტერიტორიაზე მიღებული დაზიანებებით. მისი თქმით, მშენებლობებზე ადამიანები დაუცველი არიან:

“მიზეზი, ალბათ, ისევ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევაა. წელს ეს სამშენებლო სექტორში გარდაცვალების  მეშვიდე შემთხვევა არის. ადამიანები მშენებლობებზე მასობრივად დაუცველები არიან, ძალიან მძიმე ვითარებაა. ნებისმიერ მშენებლობებზე  შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ, რომ ძალიან მაღალ სართულებზე დაუცველი მუშები მუშაობენ. ისინი საფრთხის ქვეშ არიან. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანია უნდა იღებდეს. თუმცა მათ პასუხს ვერავინ მოსთხოვს, რადგან შრომის ინსპექციას სანქციების დაკისრების უფლება არ აქვს.”

პოლიტკოვსკაიას #57-ში ბინას კომპანია “სოლო დეველოპმენტი” აშენებს.  კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კახაბერ მანჯავიძეა. “ნეტგაზეთი” შეეცადა კომპანიის დირექტორთან, გიორგი აფციაურთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს მან არ უპასუხა.

თემურ გურგენაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა. სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ბიზნესინტერესები. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

პოლიკოვსკაიას 57

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი