მოვლენები
აბონენტების შესაძლო  განაწილება

კავკასუს ონლაინის შემდეგ მაგთიკომს დელტა კომის შეძენაც სურს

შპს “მაგთიკომს” “დელტა კომის” წილის 100%-ის შეძენა სურს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო.

“საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის შემთხვევაში  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენას შეისწავლის.  შპს „დელტა კომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერნეტ-პროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში გააჩნია: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი”, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

დელტა კომის წილის 40%-ს პაატა ქიქოძე ფლობს, 40%-ს- დავით ხუბულური, ხოლო 20%-ს -კომანდიტური საზოგადოება SEAF Caucasus Growth Fund L.P., კაიმანის კუნძულები.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  ანალიტიკური პორტალის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 16 აგვისტოს დელტა კომის შემოსავალი 131 540 ლარს შეადგენდა. ამავე მონაცემების მიხედვით, საცალო ბაზარზე დელტა კომს მხოლოდ ორი აბონენტი ჰყავს, თუმცა არსებობს მეორე კომპანია დელტა ნეტი, რომლის 100%-იანი წლის მფლობელიც დელტა კომია და მას საცალო ბაზარზე 25 886 აბონენტი ჰყავს. შესაბამისად, თუ მაგთი დელტა კომთან ერთად დელტა ნეტსაც შეიძენს, მას თითქმის 26 000 აბონენტი დაემატება.

ამ დროისთვის სილქნეტს, ყველა ინტერნეტ-ტექნოლოგიის გათვალისწინებით, საქართველოში 249 458 აბონენტი ჰყავს, ხოლო მაგთის, რომელმაც წელს კავკასუსი იყიდა – 158 243.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2016 წლის აგვისტოში მაგთიკომის შემოსავალი (ინტერნეტ-ტექნოლოგიების მიმართულებით) 4 317 203 ლარს შეადგენდა, სილქნეტის – 6 608 617 ლარს, ხოლო დელტა ნეტის – 980 388 ლარს.

უცნობია, იგეგმება თუ არა ამ გარიგების ფარგლებში დელტა ნეტის მაგთიკომისთვის მიყიდვა. ამ საკითხზე დელტა ნეტის მფლობელ კომპანია დელტა კომში ნეტგაზეთის შეკითხვებს არ უპასუხეს და თქვეს, რომ გარიგების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებენ, ხოლო მაგთიკომისაგან პასუხს ველით.

მაგთიკომის მხრიდან დელტა კომის შეძენის საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com