ახალი ამბები

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა განახლდა

20 ოქტომბერი, 2016 • 1759
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა განახლდა

დღეს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა დაცვის მხარის სასაჩივრის წაკითხვით განახლდა. სასამართლო დღეს მოისმენს ბერალდების შესაგებელ სიტყვასაც.

სასამართლო პროცესს თავისუფალი დემოკრატების ყოფილი და მოქმედი ლიდერებიც ესწრებიან, რომლებიც დაკავებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ისინი იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის დასკვნებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს.

“ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის, ეს ადამიანები იყვნენ და არიან პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ მივმართავთ ყველა სამართლებრივ ფორმას, რომ ეს ადამიანები დავიხსნათ უკანონო ტყვეობიდან. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ყველა იმ ობიექტურ დასკვნას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. ასევე, გაითვალისწინებს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობარი სტატუსით მომზადებულ ობიექტურ დასკვნას, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ამ საქმეში არანაირი დანაშაული იკვეთება. გარდა ამისა, არსებობს შეწყალების პროცედურა. ასე რომ, ჩვენ ამ ბიჭებს არ მოვატოვებთ და ყველა შესაძლო გზით ვეცდებით, რომ ისინი გამოვიყვანოთ ციხიდან,” – ამბობს ნინო გოგუაძე.

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობაში ყოფნის ყოველი დღე არის ტრაგედია.

“ყოველი დღე უდანაშაულო პატრიოტი ადამიანების, ეს არის ოჯახებისთვის, ჩვენთვის და ყველასთვის ტრაგედია. ეს არის ძალიან დიდი სამარცხვინო ლაქა საქართველოს მართლმსაჯულებისთვის. ჩვენ ერთადერთი რამ გვინდა – ობიექტურად განიხილოს ეს საკითხი და არ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც წინა სასამართლომ, და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მიმდინარეობს პროცესი და იმედი გვაქვს უკეთესის,” – განაცხადა ალასანიამ პროცესის დაწყებამდე.

პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მომზადებულ სიტყვა ეყრდნობა მხოლოდ მტკიცებულბებს, სადაც დაცვის მხარის პოზიცია დეტალურად არის გაბათილებული:

“დაცვის მხარის სიტყვის შემდეგ სახელმწიფო ბრალდება უკვე შესაგებელს შეზთავაზებს სასამართლოს, რომელშიც დეტალურად არის გაბათილებული დაცვის მხარის ყველა მოსაზრება და პოზიცია. საბოლოო ჯამში, მთავარია, მტკიცებულებებს რომელი პოზიცია ეყრდნობა – ამას ეყრდნობა ჩვენი პოზიცია და სწორედ ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დატოვებს ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი