რუსეთიდან ჩამოტანილი ქართული ფილმების შესანახად ფილმსაცავი აშენდება

კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი დაიწყო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში აცხადებენ, რომ პირველ ნაწილს თბილისში ნოემბრის ბოლომდე ჩამოიტანენ.

საქართველოში ფილმები რამდენიმე ნაწილად ჩამოვა და პროცესს დაახლოებით 6 წელიწადი დასჭირდება. ამ ეტაპზე ფილმებს ეროვნულ არქივში შეინახავენ. სამინისტრო ფილმსაცავის მშენებლობას გეგმავს, რადგან ფირების შესანახად და მათ შესანარჩუნებლად სპეციალური პირობების შექნაა საჭირო.

“ამ ეტაპზე ფილმების შესანახად შესაფერისი პირობები ეროვნულ არქივშია. იქ შეინახება ფირები, სანამ არ გვექნება ცალკე ფილმსაცავი, რომლის შექმნაც დღის წესრიგში უკვე დგას. საუბარი არ არის მხოლოდ რუსეთის არქივებში დარჩენილ ქართულ მემკვიდრეობაზე, არამედ იმაზეც, რაც საქართველოშია. ზოგადად, ფირების შენახვის პირობები დაცული არ არის. ამიტომ, სანამ ექნება ეროვნულ არქივს ამისი რესურსი, ფილმები შეინახება იქ – შემდეგ გადავა ფილმსაცავში,” – ამბობს პროექტის კურატორი, კულტურის სამინისტროს კინომიმართულების ხელმძღვანელი ნანა დოლიძე.

არქივი აერთიანებს საბჭოთა  ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილ ფილმებს. მათ შორის არის ისეთი ფილმებიც, რომლებიც საქართველოში მაყურებელს ჯერ არ უნახავს. ასევე, ცნობილი ფილმების პირვანდელი, რეჟისორების ორიგინალი ვერსიები.

“70 წლის განმავლობაში თუ რაიმე შექმნილა ქართველი რეჟისორების მიერ, ყველაფერი ინახება რუსეთში. მათი ნაწილი ახლაც გვაქვს, მაგრამ იმ არქივებში დაცულია ფილმები, რომლებიც მაყურებელს ჯერ არ უნახავს. ის ფილმებიც კი, რაც გვაქვს ნანახი, ხშირ შემთხვევაში, არ არის სრული ვერსია, არ არის პირვანდელი ხარისხის – ჩვენთან ჩამოდიოდა მე-3, მე-4 ასლი. იქ რაც გახლავთ, არის გადასაღები მოედნებიდან პირდაპირ, რეჟისორების მიერ ფონდში ჩაბარებული ვერსიები. ეს არის ფილმები ყოველგვარი მონტაჟისა და დანაწევრების გარეშე,” – ამბობს ნანა დოლიძე.

კადრები ქართული ფილმებიდან.

კადრები ქართული ფილმებიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი