ახალი ამბები

მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

19 ოქტომბერი, 2016 • 2191
მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

დღეს თბილისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში გარდაიცვალა. ინფორმაცია საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დაგვიდასტურა.

“სამედიცინო ტერმინით, მას ჰქონდა პოლიტრავმა – მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა. დღეს საღამოს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ რეამინაციული ღონისძიებები ჩატარდა და ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად,” – განუცხადეს ნეტგაზეთს რესპუბლიკური საავადმყოფოში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი