ახალი ამბები

რა (არ) თქვა სინამდვილეში ერდოღანმა ბათუმზე

19 ოქტომბერი, 2016 • 9704
რა (არ) თქვა სინამდვილეში ერდოღანმა ბათუმზე

ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბათუმზე გარკვეული ტერიტორიული პრეტენზიები განაცხადა და ამ კუთხით ამ ქალაქში “რეფერენდუმიც დააანონსა”, სიმართლეს არ შეესაბამება.

საუბარია თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლაზე რიზეს უნივერსიტეტში, სადაც ერდოღანმა განაცხადა შემდეგი:

“თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც ამჟამად რეგიონში მიმდინარე პროცესებით დაზარალებულ მოსახლეობას გულში იკრავს. ჩვენი ფიზიკური საზღვარი სხვაა და გულის საზღვარი – სხვა. ეს ორი ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ფიზიკურ საზღვრებს, მაგრამ გულზე საზღვარს ვერ გავავლებთ. საზღვრის გამვლებსაც ამის უფლებას არ მივცემთ. ზოგიერთი გვეკითხება, რატომ ვართ დაინტერესებული ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთითა და ჩრდილოეთ აფრიკით. ის ადგილები, რომელთა შესახებაც გვეკითხებიან, სულაც არ არის უცხო. განა შეიძლება, რიზე ბათუმისაგან განვასხვავოთ? ედირნე და სალონიკი ცალ-ცალკე მოვიხსენიოთ? როგორ შეიძლება, ჩვენი ინტერესის მიღმა დარჩეს გაზიანთეფი და ალეპო, მარდინი და ჰასაქა, სიირტი და მოსული? ჰათაიდან მაროკომდე რომ იარო, ყველგან აღმოაჩენთ ჩვენს კვალს (დანატოვარს)”, – განაცხადა ერდოღანამა.

ნიშნავს თუ არა ერდოღანის ეს განცხადება რაიმე ტიპის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის? სხვადასხვა პროფესიის სამი რესპონდენტი, რომლებიც თურქეთის საკითხებზე მუშაობენ და რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, აცხადებენ, რომ ეს განცხადება ამას არ ნიშნავს. სამივე მათგანი თანხმდება, რომ ერდოღანის ეს განცხადება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ტექსტია და არა ახალი გეოპოლიტიკური განაცხადი.

თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, ე.წ. ეროვნული აღქმის საზღვრებზე აპელირებით ერდოღანი შიდა კრიზისებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს:

“გამოსვლის ძირითადი კონტექსტი მოსულის ოპერაცია იყო – ერდოღანი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ დასავლეთმა და ერაყის მთავრობამ მხარი არ დაუჭირეს თურქეთის მონაწილეობას ზემოხსენებულ ოპერაციაში და ოსმალეთის ისტორიულ ტერიტორიებზე და თურქეთის უფლებებზე საუბრობდა. რაც შეეხება რიტორიკას, კი, ძირითადად შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ზოგადად ირედენტიზმი და ეროვნული აღქმის საზღვრებზე აპელირება თურქული მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკის განუყოფელი ნაწილია. ერდოღანი ნაციონალისტური და ირედენტისტულ-პოპულისტური რიტორიკის გზით ცდილობს მხარდამჭერების მობილიზებას, რაც თურქული რეალობის პირობებში კარგად მუშაობს ეკონომიკური კრიზისების და ა.შ. პერიოდში. მაგალითად დოლარის კურსი შეიძლება მოვიყვანოთ. რამდენიმე დღეში ერთი დოლარი 21 ყურუშით გაძვირდა, რაც [თურქეთის] ვალების ოდენობის გათვალისწინებით, სერიოზული ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი შეიძლება იყოს. ამას ერთვის გაჭიანურებული კონფლიქტი ქურთებთან, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა”, – აცხადებს ბაკურაძე და დასძენს, რომ მისი აზრით, ერდოღანს შესაძლოა კიდევ ერთი შიდაპოლიტიკური მიზანი ჰქონდეს: ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის მხარდაჭერა საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ:

“ამ პარტიის მხარდაჭერა [ერდოღანისთვის] აუცილებელია საკონსტიტუციო რეფერენდუმის მოსაგებად, რომლითაც მის მიერ ასე ხშირად ნახსენები თურქული ტიპის საპრეზიდენტო სისტემა რეალობა გახდება. რეფერენდუმი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ან გაისად გაზაფხულზე ჩატარდება. რაც შეეხება იმას, თუ რა ფუნქციების დამატება სურს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, ეს საქმის ძალიან საინტერესო მხარეა, რადგან ოფიციალურად ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ არაოფიციალური მონაცემებით, ფაქტობრივად, იმის ლეგალიზაცია მოხდება, რისი უფლებაც საგანგებო მდგომარეობამ მიანიჭა პრეზიდენტს. ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის მხარდაჭერის გარეშე სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია რეფერენდუმის ჩატარებასაც კი ვერ შეძლებს, რადგანაც 330 დეპუტატი არ ჰყავს”, – ამბობს ბაკურაძე.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ერდოღანის განცხადება დაახლოებით იმ რიტორიკას ჰგავს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ დისკურსშიც არსებობს: “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ა.შ.”

“შეიძლება ასეთი მკვეთრი არა, მაგრამ დავითოღლუსაც, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ჰქონდა გარკვეული [მსგავსი] განცხადებები. მსგავსი პან-ოსმანური იდეების აღორძინება თურქეთის სათავეში მყოფ პარტიას ახასიათებს. ის ლაპარაკობს იმაზე, რაც ოსმალეთის იმპერია იყო ოდესღაც, კერძოდ, მე-19 საუკუნის და უფრო ადრინდელ საზღვრებში. აქ ლაპარაკი არ არის პან-თურქულ იდეებზე, როდესაც საუბარია თურქული მოდგმის ხალხების ერთიანობის შესახებ, რაც ასევე ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ანკარიდან და გარკვეული ნაბიჯებიც იდგმება. ეს არის სხვა, რაღაც ნოსტალგია წარმოსახვით წარსულზე, რომელიც გათვლილია შიდა მოხმარებისთვის, ალბათ, ასე შეიძლება დავარქვათ… იმპერიულ-პატრიოტული გრძნობების სამსახურში – ასეც შეიძლება მოვნათლოთ”, – ამბობს სანიკიძე და თურქეთის მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე ტიპის ტერიტორიულ საფრთხეს გამორიცხავს:

“მე გამოვრიცხავ, რომ სერიოზულ დონეზე თურქეთის ხელისუფლებაში მყოფნი ფიქრობდნენ, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიები წაართვან. ეს არის ძალიან პოპულისტური, შიდა მომხარებელზე გათვლილი განცხადებები, ეს ხომ მოწოდებაც არაა. დაახლოებით იმასს ჰგავს, როგორც ჩვენთან ვსწავლობთ, რომ საქართველო ამხელა იყო, ყრმადნაფიცები ჰყავდა და ყველას ვჩაგრვდით. იმას კი არ ვითვალისწინებთ, რომ საზღვრები ძალიან პირობითი ცნებაა და მე-19 საუკუნემდე ეს ცნება საერთოდ არ არსებობდა აღმოსავლეთში. სწორედ ამ კონტექტსში შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ აქ ის განსხვავებაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მას შეუძლია გაუგო და ეპატიოს კიდევაც ზეპატრიოტული განცხადებები, მაგრამ როდესაც თურქეთს ეხება საქმე, ეს უკვე ავანტიურისტულია. რა თქმა უნდა, ამის უკან არაფერი დგას და ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ თავისთავად ცოტა არაკორქტულია”, – ამბობს გიორგი სანიკიძე.

ერდოღანის განცხადებას საფრთხედ არ აღიქვამს არც სტამბულში მცხოვრები ქართველი მწერალი ირაკლი კაკაბაძე:

“თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია მისი პარტიის წევრებისგან, მეტიც, თურქეთის ყოფილი პრემიერმინისტრისგან, დავითოღლუსგან, რომლის წიგნშიც კი გვხვდება ამ კონტექსტის და შინაარსის იდეები, ანუ არახალია ახალი ოსმალიზმით გაჯერებული პოლიტიკური განცხადებები, დღეს ერდოღანის ამ სიტყვებს საფრთხედ ან აგრესიად, როგორადაც ქართულ მედიაში მოიხსენიებენ, ვერ აღვიქვამთ. მართალია, მისი სიტყვები ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ ფაქტია, მას არ უხსენებია არც რეფერენდუმის ჩატარება ბათუმში, როგორც საქართველოში ავრცელებენ ინფორმაციას, და არც თურქეთის ტერიტორიულ შემადგენლობაში დაუსახელებია საქართველო ან საქართველოს რომელიმე ქალაქი. მან ახსენა ეროვნული აღქმის საზღვრები, რომელშიც იგულისხმა ყველა ტერიტორია, რომელზეც ვრცელდებოდა ოსმალეთის პოლიტიკური ან კულტურული ზეგავლენა, მათ შორის – სირიაც, აზერბაიჯანიც, ყირიმიცა და ჩრდილოეთ აფრიკაც. და განაცხადა, რომ ვერასოდეს ვერ იქნება თურქეთი გულგრილი და უპასუხისმგებლო ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ძმების მიმართ”, – უთხრა კაკაბაძემ ნეტგაზეთს.

იგი ნეტგაზეთთან საუბარში რამდენიმე იმ არგუმენტს ასახელებს, რომელიც პროდასავლურმა ძალებმა და თურქეთთან კარგი ურთიერთობის მოსურნეებმა ანტითურქული რიტორიკის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ საქართველოში:

“ჩვენ მოგვწონს თუ არა ერდოღანი, ან მისი მმართველობის ფორმა, მისი ხელისუფლება, ეს სხვა საკითხია. თურქეთი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში საქართველოს პოზიციების ერთ-ერთი პირველი დამცველი. თურქეთთან პარტნიორობით საქართველო ადგას ნატოში გაერთიანების გზას, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, აღარ ჩამოვთვლი სხვა სფეროებს და თანამშრომლობის სხვა მაგალითებს. დღევანდელ დღეს ანტითურქული რიტორიკა პირდაპირ ნიშნავს ანტიდასავლურ რიტორიკას. საქართველოში უკვე ძნელად ვრცელდება და არ არის პოპულარული ანტიდასავლური პროპაგანდა, ამიტომ კარგი გამოსავალია ანტითურქული რიტორიკა, რომელსაც, სამწუხაროდ, ადვილად ეგება ქართული საზოგადოება. რატომ ხდება ასე და რა არის ამის მიზეზი, ესეც ძალიან ადვილად ასახსნელი ამბავია. ძალიან ღრმა საფუძვლებიც რომ არ ვეძებოთ, მხოლოდ საბჭოთა წარსული, საბჭოთა სკოლა, საბჭოთა ისტორიოგრაფიაც კმარა. რა თქმა უნდა, არის კიდევ ბევრი მიზეზიც, მაგრამ ეს ყველაზე ახლო საფუძვლებია, რომელიც დღემდე ჩვენ, ქართულ საზოგადოებას ვერ დაგვიძლევია. გადავხედოთ, ვინ ავრცელებს ანტითურქულ პროპაგანდას, ვინ უჭერს მხარს ანტითურქულ განწყობებს, ყველაფერი ნათელია და გასაგები, ზუსტად ის ძალები, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს”, – ამბობს კაკაბაძე.

“აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ეს განცხადებები ამოვარდნილია რეალობის კონტექსტიდან. თურქეთი საქართველოს ყველაზე მჭიდრო პარტნირორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს. მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთის პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვალა, მაგრამ ეს არ მომხდარა საქართველოს საწინააღმდეგოდ. საქართველოს საწინააღმდეგოდ არავითარი პოლიტიკური განცხადება თურქეთის მხრიდან არ ყოფილა. გასაგებია მისი რუსეთთან დაახლოება და ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში, ეკონომიკურმა და იმან, რომ თურქეთის ხელისუფლება დასავლეთით უკმაყოფილოა, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ საქართველოსთვის თურქეთი არის მთავარი პარტნიორი. თურქეთი, მიუხედავად რუსეთთან დაახლოებისა, რომელიც რამდენ ხანს გაგრძლედება, არავინ იცის, რადგან აქ ძალიან ბევრი სათუო საკითხია გაზსადენიდან დაწყებული… თურქეთი არის ნატოს წევრი, რომლისკენაც მიისწრფვის საქართველო და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა”, – აცხადებს გიორგი სანიკიძე.

ერდოღანის ზემოხსენებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ. მისი თქმით, ერდოღანის განცხადება მხოლოდ იმ განსაკუთრებული და პოზიტიური ურთიერთობების აღნიშვნას და ხაზგასმას ისახავდა მიზნად, რომელიც თურქეთს მეზობელ ხალხებთან და ქვეყნებთან გააჩნია.

“თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა საქართველოს მეზობლებს შორის, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შეკითხვა საზღვრებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად გვაქვს დემარკირებული საზღვარი. ბათუმი საქართველოა, ხოლო რიზე – თურქეთი. ასეც დარჩება სამუდამოდ.

ის გულისხმობდა იმგანსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც თურქეთს მის გარშემო არსებულ ხალხებთან აქვს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით. ეს მხოლოდ გამოხატავს პოზიტიურ და განსაკუთრებულ ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან და ხალხებთან”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი