ახალი ამბები

RFERL: საქართველო ვიზის შეჩერების მექანიზმზე კონსენსუსის შემდეგ მალევე მიიღებს უვიზო რეჟიმს

19 ოქტომბერი, 2016 • 1965
RFERL: საქართველო ვიზის შეჩერების მექანიზმზე კონსენსუსის შემდეგ მალევე მიიღებს უვიზო რეჟიმს

“რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი, იუწყება, რომ ძალიან მალე, როგორც კი ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი გადაწყვეტენ, თუ რომელ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმის გამოყენების უფლება, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზის გარეშე მიმოსვლას შეძლებენ.

რიკარდ იოზვიაკი განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი იმისათვის მუშავდება, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოახერხონ, ხელახლა დააწესონ სავიზო რეჟიმი კონკრეტულ ქვეყანასთან, თუკი ის დაარღვევს წესებს, – მაგალითად, თუკი ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი იმაზე მეტხანს დარჩება შენგენის ზონაში, ვიდრე ეს დასაშვებია.

ევროსაბჭო და ევროპარლამენტი ივლისიდან მოყოლებული მსჯელობენ, თუ რომელ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს მექანიზმი აამოქმედოს. RFE/RL-ის ჟურნალისტის ცნობითვე, ევროპარლამენტარების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე კომპრომისი მალე მიიღწევა, სავარაუდოდ, ოქტომბერში.

“თუკი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიიღწევა კონსენსუსი და ამ საკითხზე ევროპარლამენტარები შეთანხმებიან, ძალიან მალე ველოდებით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას”, – ამბობს რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორეპორტაჟში

საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის შემდეგ პლენარულ სესიაზე უნდა უყარონ კენჭი. რიკარდ იოზვიაკი ფიქრობს, რომ თუკი “ყველაფერი კარგად ჩაივლის” (ანუ სწრაფი შეჩერების მექანიზმზე კონსენსუსი მალე მიიღწევა), შესაძლოა, საქართველოსთვის საკითხი ოქტომბერშიც გადაწყდეს. თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ უფრო მოსალოდნელია, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყარონ კენჭი.

რაც შეეხება უკრაინას – იოზვიაკი ჯერჯერობით ელოდება, რომ ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2016 წელსვე მიიღწევა. სხვა მდგომარეობაშია კოსოვო, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ევროსაბჭო და არც ევროპარლამენტი, იოზვიაკის თქმით, არ აუნთებენ მწვანე შუქს სავიზო ლიბერალიზაციაზე. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ კოსოვოს სადემარკაციო ხაზი მონტენეგროსთან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია. “ამიტომ, ამ დროისათვის, ვერ ვხედავთ ევროპული საბჭოს ან ევროპარლამენტის სურვილს, სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით წინ წაიწიონ კოსოვოსთან დაკავშირებით”, – ამბობს იოზვიაკი.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ, გადაწყვეტილების საბოლოო ამოქმედებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. “მე ისევ ველოდები, რომ ქართველები და უკრაინელები შენგენის ზონაში მხოლოდ პასპორტით მოგზაურობას 2017 წლის დასაწყისიდანვე მოახერხებენ”, – ამბობს იოზვიაკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი